„გირჩის“ საპარლამენტო პოლიტიკურ ჯგუფად დარეგისტრირების შესახებ დამატებით კონსულტაციები გაიმართება
„გირჩის“ საპარლამენტო პოლიტიკურ ჯგუფად დარეგისტრირების შესახებ დამატებით კონსულტაციები გაიმართება

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „მოქალაქეების“ დარეგისტრირების საკითხს მხარი დაუჭირა. პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, რაც შეეხება საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „გირჩის“ დარეგისტრირებას, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი ქადაგიშვილის თქმით, ამ შემთხვევაში პრობლემას ქმნის ის, რომ კანონით, პარტია, რომელიც ქმნის საპარლამენტო ჯგუფს, მისი სხვა წევრი არ უნდა იყოს რომელიღაც ფრაქციაში გაწევრიანებული. ამ შემთხვევაში კი „გირჩის“ სიით გასული დეპუტატი, ზურაბ ჯაფარიძე სხვა ფრაქციის წევრია.

იაგო ხვიჩიას განცხადებით, აღნიშნულ საკითხზე დამატებითი დისკუსია უნდა გაიმართოს. მას მიაჩნია, რომ კანონი არ კრძალავს მათ მიერ პოლიტიკური ჯგუფის შექმნას.

პარლამენტის წევრ გურამ მაჭარაშვილის განმარტებით, უმრავლესობის პოლიტიკური ნება იყო ფრაქციების შექმნასთან დაკავშირებით რეგლამენტში ცვლილების შეტანა.

„პარლამენტში განსხვავებული პოლიტიკური ფორმატია, გვინდა საპარლამენტო ოპოზიციას ჰქონდეს მაქსიმალურად საპარლამენტო ბერკეტების ათვისების საშუალება. ისიც, რომ ოთხის ნაცვლად, ორ და მეტ წევრს შეუძლია საპარლამენტო ჯგუფის შექმნა, ნიშნავს, რომ ჩვენი ნება იყო „გირჩს“ და „მოქალაქეებს“ მისცემოდათ ამის უფლება, ამ შემთხვევაში, შეიძლება ვერ მოერგოს ზურა გირჩი ჯაფარიძის შემთხვევას, ამიტომ მეც იმის მომხრე ვარ, რომ თუ რაიმე ტექნიკური ხარვეზია, ამაზე ვიმუშაოთ“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

კომიტეტი აღნიშნულ საკითხზე გადაწყვეტილებას კონსულტაციების გამართვის შემდეგ მიიღებს.

დატოვე კომენტარი