„გირჩი - მეტი თავისუფლებამ“, „სტრატეგია აღმაშენებელმა“ და „დროამ“ ერთობლივი განცხადება გააკეთეს - უნდა ავიღოთ პასუხისმგებლობა და კონსოლიდირებულად შევცვალოთ ხელისუფლება
„გირჩი - მეტი თავისუფლებამ“, „სტრატეგია აღმაშენებელმა“ და „დროამ“ ერთობლივი განცხადება გააკეთეს - უნდა ავიღოთ პასუხისმგებლობა და კონსოლიდირებულად შევცვალოთ ხელისუფლება

„გირჩი – მეტი თავისუფლების“, „სტრატეგია აღმაშენებლის“ და „დროას“ წევრებმა ერთობლივი ბრიფინგი გამართეს, სადაც ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მიერ გუშინ მიღებული ანგარიში შეაფასეს.

როგორც ლიდერებმა განაცხადეს, საქართველოს ხელისუფლებას არ სურს ევროპარლამენტის 12 რეკომენდაციის შესრულება.

„გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერ ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, ახლა საზოგადოება ერთად უნდა დადგეს, რათა ქვეყანამ ევროპისკენ მიმავალი გზა არ დაკარგოს.

„გვინდა გამოვეხმაუროთ ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის მიერ ანგარიშის მხარდაჭერას. ძალიან ცხადია და კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ „ქართული ოცნება“ არ აპირებს 12 რეკომენდაციის შესრულებას, პიქირით – ამ ხნის განმავლობაში „ქართულმა ოცნებამ“ გადადგა რიგი ნაბიჯებისა, რომელიც ეწინააღმდეგება 12 პუნქტის სულისკვეთებას. ყველაზე მნიშვნელოვანი საქმე, რაც შეიძლება, ყველას გვქონდეს, ქვეყნის მოქალაქეების იმ ნაწილს, რომლისთვისაც ძვირფასია ევროპული მომავალი, ეს არის კონსოლიდაცია – ეს ეხება საზოგადოების ნებისმიერ წევრს, ხელისუფლების გაშვება, რაც შეიძლება სწრაფად“, – განაცხადა ჯაფარიძემ.

„დროას“ ლიდერ ელენე ხოშტარიას თქმით კი, ხელისუფლების მხრიდან საჭიროა მხოლოდ პოლიტიკური ნება, რათა ქვეყანა ევროპას მეტად დაუახლოვდეს, თუმცა ეს ნება არ ჩანს.

„ეს არის პირველი ოფიციალური წერილობითი დოკუმენტი, როცა ველოდებით შეფასებას ევროკავშირის მხრიდან, სადაც საუბარია არათუ წინსვლაზე, არამედ უკუსვლასა და რეგრესზე. არც ერთი საკითხი არ არის დაკავშირებული რაიმე სახის რთული რეფორმების გატარებასთან. კერძოდ, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკურ ნებასა და სურვილზე, რომ დავუახლოვდეთ ევროპას. მაგალითად, ნიკა გვარამიას გამოშვებას დღეს უნდა მხოლოდ სალომე ზურაბიშვილის ნება, მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ გადასვლას უნდა მხოლოდ პოლიტიკური ნება, სასამართლო რეფორმას უნდა პოლიტიკური ნება, პროპაგანდასთან წინააღმდეგობას უნდა პოლიტიკური ნება, უკრაინის მხარდაჭერას უნდა პოლიტიკური ნება. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ამ ხელისუფლებას ეს პოლიტიკური ნება არ აქვს, პასუხისმგებლობა ავიღოთ ჩვენ და კონსოლიდირებულად შევცვალოთ ეს ხელისუფლება“, – განაცხადა ხოშტარიამ.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრ სერგო ჩიხლაძის განცხადებით, ახლა, როგორც არასდროს, ერთადერთი გამოსავალია პროდასავლური მოსახლეობისა და პოლიტიკურის სპექტრის კონსოლიდაცია.

„საჭიროა გაერთიანება და რაც შეიძლება სწრაფად პრორუსული „ქართული ოცნების“ გაშვება ხელისუფლებიდან. ოთხი თვის განმავლობაში არათუ წინსვლა, არამედ რეგრესია. გავა ოთხი თვე, რვა თვე და არათუ რამეს გააკეთებს „ქართული ოცნება“, კიდევ უფრო დაგვაშორებს ჩვენს ევროპულ არჩევანს, დაგვაკარგინებს ამ ისტორიულ შანსს. ახლა, როგორც არასდროს, ერთადერთი გამოსავალია პროდასავლური მოსახლეობისა და პოლიტიკურის სპექტრის კონსოლიდაცია, გაერთიანება და რაც შეიძლება სწრაფად პრორუსული „ქართული ოცნების“, ამ ოლიგარქიული რეჟიმის, სასწრაფოდ გაშვება ხელისუფლებიდან. ეს არის ერთადერთი გამოსავალი“, – განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

8 ნოემბერს ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა საქართველოს შესახებ სვენ მიქსერის ყოველწლიური ანგარიში კომპრომისული შესწორებებით მიიღო.