„გირჩი მეტი თავისუფლება“ თბილისის ვიცე-მერობის კანდიდატად ცოტნე კობერიძეს წარადგენს
„გირჩი მეტი თავისუფლება“ თბილისის ვიცე-მერობის კანდიდატად ცოტნე კობერიძეს წარადგენს

„გირჩი მეტი თავისუფლების“ წევრების გადაწყვეტილებით, მათი პარტიიდან ვიცე-მერობის კანდიდატად წარდგენილი იქნება ცოტნე კობერიძე. გადაწყვეტილება პარტიის წევრებმა პრაიმერისის მეშვეობით მიიღეს, რომელიც სპეციალურ ელექტრონულ პორტალზე დღეს დილიდან მიმდინარეობდა და რომელშიც მონაწილეობის უფლება მხოლოდ პარტიის წევრებს ჰქონდათ.

პრაიმერისზე პარტიის წევრებს არჩევანი უნდა გაეკეთებინათ ორ კანდიდატს შორის – ცოტნე კობერიძესა და იმედა კლდიაშვილზე. ხმების უმრავლესობით, ნიკა მელიასთან და ელენე ხოშტარიასთან ერთად ვიცე-მერობის კანდიდატად ცოტნე კობერიძე იქნება დასახელებული.

ვიცე-მერობის კანდიდატის შერჩევა კი პარტიაში იმ შეთანხმების მიღწევის შემდეგ დადგა დღის წესრიგში, რომელზეც ოთხი პოლიტიკური პარტია შეჯერდა  „ნაციონალური მოძრაობა“, „დროა“, „ევროპული საქართველო“ და „გირჩი მეტი თავისუფლება“. შეთანხმების მიხედვით, ეს პარტიები თბილისის მერობის კანდიდატად მხარს დაუჭერენ ნიკა მელიას კანდიდატურას, საკრებულოს თავმჯდომარედ წარდგენილი იქნება ელენე ხოშტარია, ხოლო ვიცე-მერობის კანდიდატს წარადგენს „გირჩი მეტი თავისუფლება“. ამავე შეთანხმების მიხედვით, დედაქალაქში „ნაციონალურ მოძრაობას“ არ ეყოლება მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები.

„გირჩი“ თავის საკუთარი სიით გადის ამ არჩევნებზე 45 ნომრით. შევეცდებით ერთის მხრივ ჩვენი პროგრამა, ჩვენი იდეები, ხედვები გავავრცელოთ მაქსიმალურად და ჩვენი ამომრჩეველი მოვიყვანოთ არჩევნებზე. ამას გარდა, ჩვენთვის პრიორიტეტული არის, რომ პირველივე ტურში დამარცხდეს თბილისის მერი კახი კალაძე ან მეორე ტურში ის გავიდეს როგორც დამარცხებული კანდიდატი მეორე ნომრად. ამ კუთხით მაქსიმალურად შევეცდებით, ვაწარმოოთ პოზიტიური ტიპის კამპანია, მოვიტანოთ ის იდეები, რა იდეებიც ალტერნატივას შესთავაზებს ადამიანებს, რომ არა მარტო ის, თუ ვინ დააგებს ასფალტს ხვალ და ზეგ, არამედ მათ ესმოდეთ, რომ ამ არჩევნებით გადაწყდება, როგორი ტიპის ქვეყანაში ვიცხოვრებთ“,- განაცხადა ცოტნე კობერიძემ.