გიორგი ზურაბაშვილი – გალუზინთან შეხვედრაზე პრინციპული საკითხი იყო ქართული ღვინის დაბრუნება რუსეთის ბაზარზე, მან მაცნობა, რომ ქართული ღვინის კიდევ ორ კომპანიაზეა საუბარი, რომლის დასანქცირებასაც აპირებენ
ჩვენ საქართველოსა და რუსეთს შორის გვაქვს ძალიან რთული ურთიერთობები, რომელიც უკვე ათწლეულები გრძელდება, – ამის შესახებ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა, საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი ზურაბაშვილმა „იმედი ლაივი“ ეთერში განაცხადა.
მისივე თქმით, მთავარი სირთულეები განპირობებულიქ იმ უთანხმოებით, რასაც ჰქვია საქართველოს სუვერენიტეტი, საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრები და დეოკუპაცია.
„მოგეხსენებათ, საქართველოს 20% არის ოკუპირებული რუსეთის მიერ და ზუსტად ამ პრობლემების გამო და ამ პრობლემებისთვის საჭიროა დიალოგი, ამაზე მსჯელობა, შეხვედრები, რომ ვიპოვოთ საერთო გზები, როგორ გადავწყვიტოთ ეს პრობლემები”, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა.
როგორც გიორგი ზურაბაშვილმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, მიხაილ გალუზინთან შეხვედრაზე საუბრიასა აღნიშნა, მთავარი საკითხი ქართული ღვინის რუსულ ბაზარზე დაბრუნება იყო.
„ჩვენთვის მთავარი და პრინციპული საკითხი იყო ქართული ღვინის დაბრუნება რუსეთის ბაზარზე. როგორც მოგეხსენებათ, შვიდი კომპანიაა დასანქცირებული რუსეთის მიერ და კითხვა დავუსვი ბატონ გალუზინს, რასთან იყო დაკავშირებული ეს შემზღუდავი ზომები, რომელიც მათ შემოიღეს 9 ოქტომბერს. პასუხად მივიღე მისგან სამი რამ, რაც იყო ხარისხთან მიმართებით. მეორე იყო ნათქვამი, რომ ეს კომპანიები თითქოსდა აფინანსებენ უკრაინის ომს, ანუ უკრაინელების სასარგებლოდ ომს და მესამე იყო – ისინი არიან დაკავებულები ანტირუსული ნარატივით. რაც შეეხება ხარისხს, მე ავუხსენი ბატონ გალუზინს, რომ ქართული ღვინო სარგებლობს ძალიან მაღალი რეპუტაციით, ქართული ღვინო არის მაღალხარისხიანი, მათ გააჩნიათ არაერთი საერთაშორისო სერტიფიკატი, ლიცენზია და აბსოლუტურად უსაფუძვლო იყო ეს ბრალდება, თითქოსდა ქართული ღვინო არის დაბალხარისხიანი.
რაც შეეხება დანარჩენ ორ საკითხს, ეს იყო დაფინანსება, უკრაინის დაფინანსება და ანტირუსული ნარატივი, ეს არის აბსოლუტურად არარელევანტური, არ შეესაბამება სინამდვილეს და მსგავსი არაფერი ხდება. სანაცვლოდ იმისა, სადაც მქონდა მოლოდინი, რომ იქვე ეს სანქციები და შეზღუდვები მოიხსნებოდა, ბატონმა გალუზინმა მაცნობა, რომ ქართული ღვინის კიდევ ორ კომპანიაზეა საუბარი, რომლებსაც აპირებენ, რომ დაასანქცირონ. რა თქმა უნდა, მე ვიყავი გაოცებული და გაოგნებული ამ სიახლეებით, რადგან არაფერი მსგავსი არ ხდება, მანდ ვერც ერთი ფაქტი ვერ დამიდო, ვერც ხარისხთან მიმართებით, ვერც იმ ბრალდებასთან დაკავშირებით, რასაც ჰქვია უკრაინის ომის, ან დაფინანსება, ან რუსეთის, ან ანტირუსული პროპაგანდა. ასე რომ, ეს არის პოლიტიკური საკითხები, რომელსაც არ გააჩნია არანაირი საფუძველი, – აღნიშნა გიორგი ზურაბაშვილმა.