გიორგი ზაქარაშვილი – მაკა ბოჭორიშვილის აზერბაიჯანში ვიზიტი კარგი შესაძლებლობაა, შეჯამდეს წლის განმავლობაში ორი ქვეყნის სტრატეგიული ურთიერთობა, საგარეო-პოლიტიკურ თემებზე კოორდინაცია

11:21, 24.11.2026

ჯეიჰუნ ბაირამოვის მოწვევით, მაკა ბოჭორიშვილი ჩამობრძანდება აზერბაიჯანში ოფიციალური ვიზიტით, რომლის ფარგლებშიც შეხვდება ქვეყნის პრეზიდენტს, პარლამენტის თავმჯდომარეს, პრემიერ-მინისტრს და ცხადია, გაიმართება მოლაპარაკებები საგარეო საქმეთა სამინისტროში, – ამის შესახებ აზერბაიჯანში საქართველოს ელჩმა, გიორგი ზაქარაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ვიზიტი კარგი შესაძლებლობაა, შეჯამდეს წლის განმავლობაში ორი ქვეყნის სტრატეგიული ურთიერთობა, საგარეო-პოლიტიკურ თემებზე კოორდინაცია.

„ეს არის ყველაზე კარგი შესაძლებლობა, რომ შეჯამდეს წლის განმავლობაში ორი ქვეყნის სტრატეგიული ურთიერთობის განვითარების კონტექსტში ჩატარებული ღონისძიებები, მიღწეული შედეგები, ასევე დაისახოს ახალი გეგმები, გავიაროთ ყველა ის თემა, რომელიც აქტუალურია დღეს ორი ქვეყნის ურთიერთობებში, რეგიონალური ვითარება, მსოფლიო პოლიტიკაში არსებული გამოწვევები და საკითხები. შესაბამისად, მშვენიერი შესაძლებლობაა ორ კოლეგას შორის საგარეო-პოლიტიკურ თემებზე კოორდინაციისა.

განხილული იქნება შუა დერეფნის პერსპექტივები და ამ კონტექსტში, როგორც გითხარით, საგარეო პოლიტიკური საკითხები, რომლებიც შეეხება რეგიონში არსებულ ვითარებას და უფრო ფართო რეგიონსაც, მათ შორის სატრანსპორტო დერეფნების მუშაობის კონტექსტში. მოგეხსენებათ, რომ საქართველოში აქტიურად მიმდინარეობს პორტების რესტრუქტურიზაცია, ახალი პორტის, ანაკლიის მშენებლობა, რისი ოპერირებაც 2029 წელს უკვე უნდა დაიწყოს. ასევე ძალიან აქტიურად მიმდინარეობს ბაქოს პორტის რეკონსტრუქცია, რომელიც სწორედ იმისთვის არის გამიზნული, რომ  ცენტრალური აზიური ტვირთები მიიღოს. ბუნებრივია, ეს ორი პორტი უკავშირდება ერთმანეთს, ანუ ერთის გაძლიერებით ძლიერდება მეორეც. ჩემი აზრით, ეს იქნება ძალიან კარგი შესაძლებლობა, რომ ის ტვირთები, რომლებიც წამოვა ბაქოს პორტში, შემდეგ ტრანსპორტირდეს უკვე საქართველოს პორტების გავლით“, – განაცხადა ზაქარაშვილმა.

მსგავსი