გიორგი ყარყარაშვილი გია ბარამიძეს მიმართავს – „აღიარე, რომ შეგეშალა, მოიხადე ვაჟკაცური ბოდიში ყველანაირი გამონაკლისების გარეშე“

19:16, 14.08.2026

გია, შენ არ იცი, რა გრძნობაა ომში ძმის ან ოჯახის წევრის დაკარგვა და ტყულიად საუბრობ მათ მაგივრად. მე ვარ ერთ-ერთი, ვისაც ომში ძმა მომიკლეს. გავბოროტდი? გამიჩნდა შურისძიების და მტრობის განცდა? ჰკითხე სხვებსაც, ომში დაღუპული ოჯახის წევრებსაც, მათგან გსმენია სიძულვილისა და მტრობის განცდა? – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი გიორგი ყარყარაშვილი სოციალურ ქსელში წერს და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ გია ბარამიძეს მიმართავს.

გიორგი ყარყარაშვილი გია ბარამიძეს მოუწოდებს, აღიარის, რომ შეეშალა და მოიხადოს ვაჟკაცური ბოდიში ყველანაირი გამონაკლისების გარეშე.

„ერთადერთი მიზეზი, რის გამოც პოლემიკაში ჩავერთე, იყო ის, რომ სრული სურათის არცოდნას სინამდვილე არ დაემახინჯებინა და არა  – „ოცნებასთან“ ჩემს სიახლოვეზე რეაქცია. ან სად ნახა ეს სიახლოვე, სადმე რომელიმე აქტივობაში მივიღე მონაწილეობა თუ რაიმე პრივილეგიით ვსარგებლობ? 1.2 მილიონ მოქალაქეს შორის ამომრჩევლობა თუ არის სიახლოვე, მაშინ ოდესღაც მათთანაც მაკავშირებდა ასეთი სიახლოვე. 2005 წლიდან თავადვე მოახდინეს საზოგადოების პოლარიზება და მიუღებელ, არასასურველ პირად მაქციეს. როდესაც ბოდიში მოიხადა, ჩავთვალე, რომ ჩემი მისია შევასრულე და ამ აჟიოტაჟში მეტ ჩარევას არ ვაპირებდი, რადგან მე არ ვუერთდები ვეტერანთა ერთი ჯგუფის საჩივარს. სამწუხაროდ, როცა შემდგომი განცხადებები ვნახე, მივხვდი, რომ ვერაფერი მან ვერ გაიგო.

ამჯერად პირდაპირ მივმართავ. გია, შენ არ იცი, რა გრძნობაა ომში ძმის ან ოჯახის წევრის დაკარგვა და ტყულიად საუბრობ მათ მაგივრად. მე ვარ ერთ-ერთი, ვისაც ომში ძმა მომიკლეს. გავბოროტდი? გამიჩნდა შურისძიების და მტრობის განცდა? ჰკითხე სხვებსაც, ომში დაღუპული ოჯახის წევრებსაც, მათგან გსმენია სიძულვილისა და მტრობის განცდა? ამიტომაცაა, რომ ჩემს წიგნში „სამშობლოს ამარა“ აფხაზებს ყველგან მოწინააღმდეგეებად მოვიხსენიებ და არა – მტრებად. ვერ გრძნობ, რომ ეს უკვე სანახაობად გადაიქცა, რომლითაც ჩვენი ქვეყნის არაკეთილისმოსურნენი ტკბებიან? აღიარე, რომ შეგეშალა, მოიხადე ვაჟკაცური ბოდიში ყველანაირი გამონაკლისების გარეშე. თქვი, რომ მართლა არ იცნობდი რეალობას ან წაიკითხე ჩემი წიგნი („სამშობლოს ამარა“) და თავადვე დარწმუნდები, რამდენი რამ არ გცოდნია ტყვეების აყვანისა და მათი გათავისუფლების შესახებ“, – წერს გიორგი ყარყარაშვილი.

შეგახსენებთ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გია ბარამიძემ განაცხადა: „აფხაზეთში ომის დროს ქართველი სამხედროები ტყვეებს ხვრეტდნენ და აფხაზური მხარე ამიტომ ტყვეებს არ იძლეოდა“.

მოგვიანებით გია ბარამიძემ საკუთარი სიტყვები განმარტა: „როდესაც ადამიანს მამას მოგიკლავენ, შვილს მოგიკლავენ, ბიძაშვილს მოგიკლავენ, ახლობელს მოგიკლავენ – არ არის გასაკვირი მათგან, არ დაინდოს მტერი. ეს ჩვეულებრივი ამბავია“.

მსგავსი