გიორგი წიტაიშვილი კარიერას ბათუმის „დინამოში“ გააგრძელებს #1TVSPORT
გიორგი წიტაიშვილი კარიერას ბათუმის „დინამოში“ გააგრძელებს #1TVSPORT

კონფერენს ლიგაზე გამოსვლამდე ბათუმის „დინამომ“ ძალიან კარგი ტრანსფერი განახორციელა. გუნდში კარიერას გიორგი წიტაიშვილი გააგრძელებს – ინფორმაციას „დინამოს“ პრესსამსახური ავრცელებს.

„გიორგი წიტაიშვილი ბათუმში მოგვყავს. შეთანხმება მიღწეულია, გიო ერთწლიანი იჯარის საფუძველზე ჩვენს გუნდში ითამაშებს“, – წერია ბათუმის „დინამოს“ გავრცელებულ ცნობაში.

გიორგი წიტაიშვილი დაიბადა რიშონ-ლე-ციონში, ისრაელში, სადაც მისი მამა, ფეხბურთელი კობა წიტაიშვილი თამაშობდა. კიევის „დინამოს“ აღზრდილი 2018 წლიდან ამ გუნდის წევრია, მაგრამ 2021 წლიდან იჯარით თამაშობდა ჯერ პოლტავასვორსკლაში“, შემდეგ ოდესის „ჩერნომორეცში“ და პოზნანისლეხში“.

წიტაიშვილმა 2019 წელს უკრაინის 20-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებთან ერთად მოიგო მსოფლიო ჩემპიონატი. მან ტურნირზე ხუთი შეხვედრა ჩაატარა. ჩემპიონატის ფინალში კი სამხრეთ კორეის წინააღმდეგ მოახერხა გოლის გატანა. წიტაიშვილმა 2021 წელს საქართველოს მოქალაქეობა მიიღო და მას შემდეგ „ჯვაროსნებში“ 14 მატჩი (ერთი გოლი) ჩაატარა.