გიორგი წიკლაური - არ არსებობს იმაზე დიდი პატივი, გქონდეს საშუალება, ემსახურო საკუთარ ხალხს
გიორგი წიკლაური - არ არსებობს იმაზე დიდი პატივი, გქონდეს საშუალება, ემსახურო საკუთარ ხალხს

არ არსებობს იმაზე დიდი პატივი, გქონდეს საშუალება, ემსახურო საკუთარ ხალხს, ქალაქს, ქვეყანას. ეს განცდა იყო უმთავრესი მოტივატორი, გაათმაგებული ენერგიით მომეკიდა ხელი ახალი საქმისთვის, ახლა უკვე განსხვავებულ ამპლუაში გამეგრძელებინა ჩემი ხალხის მსახურება, – განაცხადა „ქართული ოცნების“ თეთრიწყაროს მერობის კანდიდატმა, გიორგი წიკლაურმა წარდგენისას.

გიორგი წიკლაურის თქმით, მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობაა „ქართული ოცნების“ გუნდის სახელით მერობის კანდიდატად დასახელება.

„მინდა, გამოცხადებული ნდობისთვის უდიდესი მადლობა გადავუხადო ჩვენს პოლიტიკურ გუნდს „ქართულ ოცნებას“, რომელსაც შეუძლია ჩვენი ქალაქის განვითარების გაგრძელება. ჩემთვის უდიდესი პატივი და მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობაა ამ გუნდის სახელით ჩვენი უსაყვარლესი ქალაქის მერობის კანდიდატად დასახელება. ერთი შეხედვით მკაფიოდ ჩანს, რომ ბოლო წლების განმავლობაში ჩვენს მუნიციპალიტეტში ბევრი პრობლემა მოგვარდა. დღეს თეთრიწყარო ბევრად უფრო განვითარებულია, ვიდრე „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლამდე იყო. მიუხედავად ამისა, გასულ თვეებში მუნიციპალიტეტის მერის მოადგილედ მუშაობის პროცესში, პირადად ვნახე, თუ რა გამოწვევების წინაშე დგას ჩვენი მოსახლეობა, მეორე მხრივ კი, განვითარების რამხელა პოტენციალი გააჩნია ამ უმშვენიერეს ისტორიულ ქალაქს, სადაც ასწლეულების მანძილზე იქმნებოდა განსხვავებული ეთნიკური წარმომავლობისა თუ რელიგიური შეხედულების მქონე ადამიანების ჰარმონიული თანაცხოვრების ტრადიცია.

ღრმად მწამს, რომ არ არსებობს იმაზე დიდი პატივი გქონდეს საშუალება, ემსახურო საკუთარ ხალხს, ქალაქს, ქვეყანას. ეს განცდა იყო უმთავრესი მოტივატორი, გაათმაგებული ენერგიით მომეკიდა ხელი ახალი საქმისთვის, ახლა უკვე განსხვავებულ ამპლუაში გამეგრძელებინა ჩემი ხალხის მსახურება. მოუთმენლად ველი საზოგადოებასთან შეხვედრას, მათი შეხედულებების, საჭიროებების უშუალოდ გაცნობას. ჩვენი ხედვების, მუნიციპალიტეტის სამომავლო განვითარების გეგმების შეთავაზებას. დარწმუნებული ვარ, ერთად აუცილებლად გავიმარჯვებთ მომავალში და თქვენი მაქსიმალური ჩართულობით, ცენტრალურ ხელისუფლებასთან აქტიური თანამშრომლობით აუცილებლად განვახორციელებთ შემუშავებულ გეგმებს და ჩვენს მუნიციპალიტეტს კიდევ უფრო წარმატებულს გავხდით. თეთრიწყარო აუცილებლად გაიმარჯვებს“, – განაცხადა გიორგი წიკლაურმა.

მერობის კანდიდატმა თეთრიწყაროს საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა. ესენი არიან: ზურაბ დალაქიშვილი, ლევან წიკლაური, თინათინ აღდგომელაშვილი, გიორგი ფიჩხულაშვილი, მამუკა შავაძე, ვაჟა ნადირაძე, რამაზ გულბანი, მერაბ ღაღეთაშვილი, რომან ქავთარაძე, ოთარ ლონდარიძე, ლევან ფანგანი.

ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.