გიორგი ვოლსკი - ოპოზიცია ქუჩის არეულობებზე ლაპარაკობს, მაგრამ დღეს 2003 წელი არ არის, ეს ის საქართველო არაა, რომელიც აჰყვება და სააკაშვილის სადისტურ რეჟიმს დაუჭერს მხარს
ოპოზიცია ისეთ შთაბეჭდილებას ქმნის, გეგონება, ერთი სული აქვთ, მოლაპარაკების მაგიდასთან როდის დასხდებიან და იმ საკითხებზე ილაპარაკებენ, რაც საზოგადოებას სჭირდება, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.
„თუნდაც, საარჩევნო კანონმდებლობის შეცვლაზე და სხვა თემებზე, რაც იმ ვითარებასთან არის დაკავშირებული, რომელიც საქართველოში შეიქმნა, გინდ ჯანდაცვის, გინდ ეკონომიკის და გინდაც მთელ მსოფლიოში მიმდინარე პროცესების ხაზით“, – განაცხადა ვოლსკიმ.
მისი თქმით, ოპოზიციისთვის მთავარი თემა დესტაბილიზაციაა.
„იქნებ, პანდემიამ და ეკონომიკურმა პრობლემებმა მისცეთ შანსი და არჩევნებზე ლაპარაკი საერთოდ არ მგონია, მათთვის მნიშვნელოვანი იყოს. ხდება ისევ რევოლუციური ტექნოლოგიების გამოყენება. ამათ ისევ 2003 წელი ჰგონიათ, რომ რაღაც მორალური უპირატესობა მოიპოვეს, მაგრად დგანან და ქუჩის არეულობებზე ლაპარაკობენ, მაგრამ დღეს 2003 წელი არ არის და ეს ის საქართველო არაა, რომელიც აჰყვება და სააკაშვილის სადისტურ რეჟიმს დაუჭერს მხარს“, – განაცხადა ვოლსკიმ.
პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა ასევე განაცხადა, რომ პარტიების დაფინანსება ბიუჯეტიდან ხდება, რათა მათ პარლამენტში იმუშაონ, მაგრამ ოპოზიციას ჰგონია, რომ თუ პარლამენტში არ იმუშავებს, დაფინანსება მაინც უნდა მისცენ.
„იმიტომ, რომ ჰგონიათ, ისინი არიან ძლიერები და პროცესების ლიდერები. ამ დროს, ასე არ არის და სამართლებრივ საკითხებს რომ თავი დავანებოთ, მორალურად რა სიმართლეა მათ მხარეს?! არ მუშაობ, მოვალეობას არ ასრულებ, რისთვისაც შენმა ამომრჩეველმა ხმა მოგცა და თანხები იმ პროცენტის მიხედვით გეძლევა, რაც არჩევნების დროს მიიღე. ანუ, ამბობენ, ფული მომეცი და სიტუაციას უკეთესად ავრევო“, – განაცხადა ვოლსკიმ.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, იქნება თუ არა შექმნილ ვითარებაში მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდი, ან აქვს თუ არა აზრი დიალოგის გაგრძელებას, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა, რომ დიალოგის გაგრძელებას აზრი ყოველთვის აქვს.
„თუ საჭიროა, მეექვსე რაუნდიც უნდა იყოს. იმიტომ, რომ ჩვენ ხომ არ წარმოვადგენთ პარტიების გაერთიანებას, რომლებიც პარლამენტში თავიანთი ადგილებისთვის იბრძვიან?! აქ ხომ რეალური პროცესი მიდის?! მსოფლიო ომი მიდის, რეგიონში ომია, ძალთა ბალანსი იცვლება, იქ აშშ-ის თუ ნატო-სთან ურთიერთობის ახალი პერიპეტიები გამოჩნდა, რომელიც ჩვენი უსაფრთხოების თემას უკავშირდება, იქ ევროკავშირთან ურთიერთობებია და რუსეთის პოზიციები, რომელიც ჩვენი პარტნიორების პოზიციებთან არის შეჯახებული და ასე შემდეგ. საქართველო დღეს მიმდინარე მსოფლიო ომის სერიოზული ნაწილია და ეს ყველაფერი ხომ უნდა ესმოდეთ? სულ ახლახან დამთავრდა პროექტი და საქართველოს გავლით ენერგორესურსების მიწოდებამ ევროპულ უშველებელ ბაზარს მიაღწია. ასე რომ, სატრანზიტო კვანძის ფუნქციის მქონე ქვეყნისთვის დესტაბილიზაცია, რასაკვირველია, არის აბსოლუტურად საწინააღმდეგოდ მიმართული იმ პოზიციისა, რაც ჩვენს პარტნიორებს გააჩნიათ“, – განაცხადა ვოლსკიმ.
როგორც ვოლსკიმ აღნიშნა, ოპოზიცია ვიწრო პარტიული ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს და არა სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე.
შეკითხვაზე, მოვლენების რა სცენარით განვითარებას ელოდება მმართველი გუნდი იმ შემთხვევაში, თუ შეთანხმება ვერ შედგა და პროცესებმა ქუჩაში გადაინაცვლა, ვოლსკიმ განაცხადა, რომ ამ ყველაფერს კონსპირაციის სუნი ასდის, მაგრამ სახელმწიფო და საზოგადოება ქაოსს არ დაუშვებს.
„მეტსაც გეტყვით, დარწმუნებული ვარ, მათ მხარდამჭერებს შორის გაცილებით მეტია ისეთი, ვინც არანაირად არ დაუჭერს მხარს ქაოსს, პანდემიის გავრცელებას და ეკონომიკური პრობლემების კიდევ უფრო დამძიმებას, რაც მთელ მსოფლიოს ახასიათებს“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.