გიორგი ვაშაძემ ქუთაისის განვითარების 11 ინიციატივა წარადგინა
გიორგი ვაშაძემ ქუთაისის განვითარების 11 ინიციატივა წარადგინა

პარტია „ახალი საქართველოს“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ქუთაისში, პარლამენტის ყოფილ შენობასთან, ქალაქის განვითარების 11 ინიციატივა წარადგინა. ერთ-ერთი ინიციატივის მიხედვით, საკანონმდებლო ორგანო ქუთაისში უნდა დაბრუნდეს.

გიორგი ვაშაძის თქმით, დასავლეთ საქართველოს განვითარება ქუთაისით უნდა დაიწყოს.

„ქუთაისს აქვს ფუნქცია, მთელი დასავლეთ საქართველოს განვითარების ცენტრი იყოს. ჩემ უკან არის ყოფილი პარლამენტის შენობა, რომელიც მიტოვებულია დღეს და გარშემო ტერიტორია არის გავერანებული.

ქუთაისში პარლამენტი აუცილებლად უნდა დაბრუნდეს. უნდა აშენდეს კონგრესჰოლი, რომელიც ბიზნესტურისტებს მოიზიდავს, ასევე ახალი სპორტული არენა უნდა გაკეთდეს. ქუთაისში უნდა გაშენდეს „აიტი ქალაქი“, ტექნოლოგიური ქალაქი, რათა ახალგაზრდები აქედან არ გარბოდნენ, საჭიროა, მაღალანაზღაურებადი სამსახურები ადგილზე შევქმნათ. დასასვენებელ-გასართობი პარკი უნდა გაკეთდეს, რათა ტურისტების დამატებითი ნაკადი მოვიზიდოთ. ერთ-ერთი პუნქტია პირდაპირი რეისები სამსაათიან რადიუსში, რომლებიც ქუთაისის აეროპორტიდან უნდა იყოს, ასევე საჭიროა, ორი ინდუსტრიული პარკი, სადაც წარმოება უნდა განვითარდეს და კონკრეტულად სამუშაო ადგილები შეიქმნას ნებისმიერი ადამიანისთვის. ეს არის ძველი ქუთაისი, რომელსაც საოცარი პერსპექტივა აქვს, მართლაც პატარა კვანძია ახლა გაკეთებული და ეს უნდა გაფართოვდეს და უნდა გაძლიერდეს. 11 პუნქტია ჯამში. დეტალურად გაწერილი გეგმა გვაქვს და ქუთაისს უნდა ჰქონდეს ამბიცია არა მხოლოდ ქუთაისის განვითარებისთვის, არამედ დასავლეთ საქართველოს განვითარება თუ გვინდა, ქუთაისი არის მისი ფუნდამენტი, საფუძველი. თუ ქუთაისი არ ვითარდება დასავლეთ საქართველო იცლება მოსახლეობისგან. ეს არის აქსიომა“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

როგორც გიორგი ვაშაძე აცხადებს, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ფარგლებში მსგავს ინიციატივებს უახლოეს მომავალში სხვა მუნიციპალიტეტებშიც წარადგენს.