გიორგი ვაშაძე - ზემნიშვნელოვანია, რომ საქართველომ აჩვენოს პოლიტიკური ერთიანობა უკრაინის საკითხზე
გიორგი ვაშაძე - ზემნიშვნელოვანია, რომ საქართველომ აჩვენოს პოლიტიკური ერთიანობა უკრაინის საკითხზე

ჩვენი მთავარი მიზანია მშვიდობა რეგიონში, უკრაინასა და საქართველოში, რისთვისაც არის საჭირო რეზოლუცია, – განაცხადა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

ვაშაძის თქმით, ზემნიშვნელოვანია, რომ საქართველომ აჩვენოს პოლიტიკური ერთიანობა უკრაინის საკითხთან დაკავშირებით.

„ძირითადი გზავნილები უნდა იყოს, რომ რეგიონში გვინდა მშვიდობა, არ გვინდა ომი და არანაირი დაძაბულობა. სრული მხარდაჭერა უნდა იყოს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით, ისევე, როგორც ისინი უჭერენ მხარს ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას. აუცილებლად უნდა იყოს საუბარი იმაზე, რომ ჩვენი მისწრაფება ნატო-სთან მიმართებით არ შეიცვლება რუსეთის განცხადებების მიუხედავად. მგონი, შინაარსი ნათელია, რაზეც რეზოლუცია უნდა იყოს.

მოლაპარაკებები გაიმართება. ჩვენი ფრაქციის წარმომადგენლები იქნებიან „ქართულ ოცნებასთან“ მოლაპარაკებებზე. 76 ხმა აქვს „ქართულ ოცნებას“. შესაბამისად, რეზოლუციის ტექსტს, რომელიც სესიაზე გავა, მათი ხმები სჭირდება. ჯერჯერობით, ხელისუფლებაში არიან და ჩვენზე მეტი ხმა აქვთ. იმედია, დიდხანს ეს არ გაგრძელდება და ადეკვატური, დროული და სწრაფი პოზიციონირება ექნება ყოველთვის საქართველოს.

ჩვენი მთავარი მიზანია, მშვიდობა რეგიონში, მშვიდობა უკრაინაში და მშვიდობა საქართველოში, ამისთვის არის ეს რეზოლუცია საჭირო, რომ ჩვენ ცივილიზებული სამყაროს გვერდით ვართ და მათი მხარდაჭერა რომ დაგვჭირდეს, ისინიც დადგებიან ჩვენს გვერდით“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ამასთან, შეკითხვაზე, რეზოლუციაზე მოხდება თუ არა შეთანხმება ყველა პარტიასთან, ვაშაძემ აღნიშნა, რომ არ აქვს ინფორმაცია „ქართული ოცნების“ პოზიციასთან დაკავშირებით, თუმცა, მისივე თქმით, მმართველი პარტია რეზოლუციის წინააღმდეგი არ უნდა იყოს.

„არანაირი ინფორმაცია არ მაქვს ჯერჯერობით „ქართული ოცნების“ მიმართულებით. შეხვედრაზე დააფიქსირებენ თავიანთ პოზიციას, მაგრამ იმდენად მარტივი საკითხებია, მშვიდობის წინააღმდეგი უნდა იყოს? ტერიტორიული მთლიანობის, უკრაინის და საქართველოს წინააღმდეგი უნდა იყოს, თუ ნატო-ში მისწრაფების? არავინ ეუბნება მათ, რომ ჩვენ ვინმეს ომი უნდა გამოვუცხადოთ. ღმერთმა დაგვიფაროს, ჩვენ გვინდა მშვიდობა და მშვიდობისთვისაა ეს ნაბიჯი გადასადგმელი“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.