გიორგი ვაშაძე - ზაზა სარალიძეს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა პოლიტიკოსების გარეშე არ უნდოდა, მაგრამ ამას ჩვენი თხოვნით დათანხმდა
გიორგი ვაშაძე - ზაზა სარალიძეს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა პოლიტიკოსების გარეშე არ უნდოდა, მაგრამ ამას ჩვენი თხოვნით დათანხმდა

ზაზა სარალიძეს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა პოლიტიკოსების გარეშე არ უნდოდა, მაგრამ ამას სწორედ ჩვენი თხოვნით დათანხმდა, – ამის შესახებ სამოქალაქო პრატფორმა „ახალი საქართველოს“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.

„ჩვენ მას ვთხოვეთ, იქნებ, ამ ეტაპზე მაინც მოვხსნათ პოლიტიკური ნაწილი, რომ რაღაც შთაბეჭდილებები არ იყოს და შენ პრობლემა არ გქონდესთქო. ზაზა სარალიძემ მხოლოდ ამის შემდეგ თქვა, რომ თანახმა იყო და შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო. ეს ჩვენი მხრიდან კონსტრუქციული ნაბიჯი იყო, რადგან ჩვენი მთავარი მიზანი ყველა დამნაშავის დასჯაა“, – განაცხადა ვაშაძემ.

გიორგი ვაშაძემ ასევე განაცხადა, რომ დილით, პრემიერ-მინისტრის განცხადებაში გააქრეს მალხაზ მაჩალიკაშვილი და შემდგომში, ის სწორედ ოპოზიციური პარტიების მოთხოვნითა და თვითონ მალხაზ მაჩალიკაშვილის განცხადების შემდეგ დაამატეს.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, იყენებენ თუ არა ოპოზიციური პარტიები პარტიულ რესურსს ხალხის მობილიზაციისთვის, გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომ ჯერ ხალხის მობილიზაციისთვის მათ პარტიული რესურსი არ გამოუყენებიათ.

„რა თქმა უნდა, ჩვენს მხარდამჭერებს მოვუწოდეთ, რუსთაველზე მოსულიყვნენ და აქციაში მონაწილეობა მიეღოთ. კვირის აქციაზე ვაპირებთ, აქტიურად ჩავერთოთ და მათ შორის, რეგიონებიდან ძალიან ბევრი მხარდამჭერი ჩამოვიდეს. თუმცა, ეს არის აქცია, რომელსაც ზაზა სარალიძე აანონსებს. ჩვენ ამ პროცესს ისევ და ისევ მისი თხოვნით ვუერთდებით და რა თქმა უნდა, აქტიურად ვერთვებით, რათა ყველა დამნაშავე დაისაჯოს“, – განაცხადა ვაშაძემ.

მაკა ცინცაძის შეკითხვაზე, ვინ არის აქციის ორგანიზატორი და რომელი პარტიები იღებენ აქციაზე პასუხისმგებლობას, გიორგი ვაშაძემ აღნიშნა, რომ ზაზა სარალიძის თხოვნით, ორგანიზებაში ყველა ის პარტია ჩაერთვება, რომელიც დღეს „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში იყო შეკრებილი.
გიორგი ვაშაძემ ასევე აღნიშნა, რომ მოთხოვნებს ზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილი აყენებენ.

„მათი მოთხოვნა მთავრობის გადადგომა იყო, რადგან მთავრობის მხრიდან არანაირი პასუხი არ იყო. დღევანდელი მათი მოთხოვნის შესახებ ყველამ მოვისმინეთ და ამ მოთხოვნას ყველანი ვუერთდებით“, – განაცხადა ვაშაძემ.