გიორგი ვაშაძე - ზაზა სარალიძემ საჯაროდ უნდა გააკეთოს განცხადება, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება
გიორგი ვაშაძე - ზაზა სარალიძემ საჯაროდ უნდა გააკეთოს განცხადება, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება

ზაზა სარალიძესთან კონტაქტი ვერ მყარდება, ვთხოვთ ზაზას, თუ მას ესმის ჩვენი, გააკეთოს განცხადება სადაც არ უნდა იმყოფებოდეს,- ამის შესახებ „ახალი საქართველოს“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე განაცხადა.

„ეს არის უკვე საგანგაშო სიტუაცია. ბოლო მონაცემებით, 18:15 საათზე მან ზვიადს მოსწერა, რომ აუცილებლად მივიდოდა აქციაზე. მას შემდეგ ამ ადამიანთან კონტაქტი ვერ მყარდება ვერაფრით და შესაბამისად, მოვუწოდებ ხელისუფლებას, შეეშვით ძალადობას, რომელიც თქვენ დღეს დაიწყეთ ამ ადამიანზე ხელახლა და უახლოეს პერიოდში ამ ადამიანმა საჯაროდ უნდა გააკეთოს განცხადება, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება“,- განაცხადა ვაშაძემ.

მისივე თქმით, აქვთ ინფორმაცია, რომ ზაზა სარალიძე სახალხო დამცველთან ერთად იმყოფება. ვაშაძემ ნინო ლომჯარიას მიმართა, თუ იცის სარალიძის ადგილსამყოფელი, ამის შესახებ განცხადება გააკეთოს.

„ვერავინ ვერ ვპოულობთ. ვიღაცამ გვითხრა, რომ სახალხო დამცველთან ერთად არის, თუმცა მას არანაირი განცხადება ამასთან დაკავშირებით არ გაუკეთებია.

შესაბამისად, აქ შეკრებილი ყველა ადამიანი გვეკითხება ჩვენ სად იმყოფება ეს პიროვნება. იგივე თქვა მალხაზ მაჩალიკაშვილმა. ეს არის ხელისუფლების დაგეგმილი ბინძური ქმედებები.

ჩვენ ვთხოვთ ზაზას, თუ მას ესმის ჩვენი, პირდაპირი ეთერით, გააკეთოს განცხადება სადაც არ უნდა იმყოფებოდეს. ზაზა გიდგავართ ბოლომდე გვერდში, არავის შენ თავს არ დავაჩაგვრინებთ. ხელისუფლებას არ მივცემთ შესაძლებლობას იძალადოს ხალხზე. სახალხო დამცველს მივმართავ, თუ შენთან ერთად არის მაშინ გამოდი და თქვი“,- განაცხადა ვაშაძემ.

ამ განცხადებიდან მალევე, ნინი ლომჯარიამ „ფეისბუქზე“ დაწერა, რომ ზაზა სარალიძე მისი თხოვნით იმყოფება იქ, სადაც თავს გრძნობს უსაფრთხოდ.