გიორგი ვაშაძე - ვეთანხმები ჯიმ რიშს, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შეცდომა დაუშვა, როცა თავის დროზე არ მოაწერა ხელი დოკუმენტს, რითაც საბაბი მისცა „ქართულ ოცნებას“, არ შეესრულებინა შეთანხმება
გიორგი ვაშაძე - ვეთანხმები ჯიმ რიშს, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შეცდომა დაუშვა, როცა თავის დროზე არ მოაწერა ხელი დოკუმენტს, რითაც საბაბი მისცა „ქართულ ოცნებას“, არ შეესრულებინა შეთანხმება

სრულად ვეთანხმები ჯიმ რიშს, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შეცდომა დაუშვა, როცა თავის დროზე არ მოაწერა ხელი დოკუმენტს, რითაც საბაბი მისცა „ქართულ ოცნებას“, არ შეესრულებინა შეთანხმება, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, სენატორი რიში არის საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე ახლო მეგობარი აშშ-ში, ძალიან გავლენიანი სენატორი და მის განცხადებას დიდი მნიშვნელობა აქვს.

„ის, რაც გააკეთა „ქართულმა ოცნებამ“, რომ უარი თქვა ევროპულ დაფინანსებაზე, ამას ექნება, სამწუხაროდ, ჯაჭვური რეაქცია. 33 მილიარდი ლარი გვაქვს საგარეო ვალი, რადგან ვალებზე ცხოვრობს ეს ქვეყანა და დახმარებაზე რომ უარს ამბობ და არა სესხზე, ეს კიდევ უფრო დიდი დანაშაულია და გზავნილია, რომ არ მინდა არაფრის შეცვლა, არც ერთი რეფორმა და ერთადერთი მინდა ძალაუფლების შენარჩუნება. ჯიმ რიშს სრულად ვეთანხმები ამ საკითხში, რომ შეცდომა დაუშვა „ნაციონალურმა მოძრაობამ“, თავის დროზე რომ არ მოაწერა ხელი, ამით საბაბი მისცა „ქართულ ოცნებას“, არ შეესრულებინა ეს შეთანხმება.

დღეს აღმოჩნდა, რომ ჩვენ ვიყავით მართალი, მაშინ, როცა შეთანხმება გავაფორმეთ და ეს დაადასტურა „ნაციონალური მოძრაობის„ გუშინდელმა ხელმოწერამ ამ დოკუმენტზე. ძალიან უსამართლო თავდასხმები მივიღეთ და ვფიქრობ, საზოგადოებამ უნდა გაარჩიოს, ვინ იღებს თავის დროზე სწორ გადაწყვეტილებებს და ვინ მცდარ გადაწყვეტილებებს და მერე დარწმუნებას ცდილობს, რომ მისი მცდარი გადაწყვეტილება არის სწორი“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

სენატის საგარეო კომიტეტის რესპუბლიკელი წევრმა, ჯიმ რიშმა განაცხადა, რომ დაგვიანებულია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გადაწყვეტილება, ხელი მოეწერა შეთანხმებაზე.

„კარგია, რომ „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ საბოლოოდ დაინახა 19 აპრილის შეთანხმების სარგებელი, მაგრამ ეს ჟესტი ძალიან მცირე და დაგვიანებულია. თვეების განმავლობაში, ხელმოწერაზე უარის თქმით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შეარყია შეთანხმება, რამაც ხელი შეუწყო მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას, დაეტოვებინა შეთანხმება”, – განაცხადა ჯიმ რიშმა.

დატოვე კომენტარი