გიორგი ვაშაძე - ვერაფერს ბედავენ, როდესაც ერთად ვართ, გავამხნეოთ, გავამაგროთ ერთმანეთი, ვიყოთ გაცილებით მეტნი და მოვიპოვოთ გამარჯვება
გიორგი ვაშაძე - ვერაფერს ბედავენ, როდესაც ერთად ვართ, გავამხნეოთ, გავამაგროთ ერთმანეთი, ვიყოთ გაცილებით მეტნი და მოვიპოვოთ გამარჯვება

როდესაც ერთად ვართ, ვერაფერს ბედავენ. ახლა უნდათ, სათითაოდ დაგვესხან თავს. ამიტომ, გავამხნეოთ, გავამაგროთ ერთმანეთი, ვიყოთ გაცილებით მეტნი შაბათს, კვირას და, რაც მთავარია, გამარჯვება მოვიპოვოთ, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

გიორგი ვაშაძის თქმით, გამარჯვება ძალიან ახლოსაა.

„„ქართულმა ოცნებამ“ ევროპის დღე რუსულად აღნიშნა. ვის ესხმიან თავს? ადამიანებს, ვინც ახალგაზრდებს მხარს უჭერენ პროტესტში, ამაგრებენ მათ ზურგიდან, თუ წინ უდგებიან მაშინ, როდესაც მათ საფრთხე ემუქრებათ და მთავარი რაც არის, ეს არის შიშისა და რეალობას მოწყვეტილი სიტუაციის გამომხატველი, რაც „ქართულ ოცნებას“ აქვს. მე ვეუბნები მათ, რომ თქვენი დრო ამოწურულია, თქვენ მხარდაჭერა არ გაქვთ, უბრალოდ, ფიქრობთ, რომ ამ ძალადობით ვინმეს გააჩერებთ. მივმართავ საზოგადოებას, შაბათს მსვლელობაზე გაცილებით მეტნი უნდა ვიყოთ; კვირას, 22:00 საათზე ვიკრიბებით პარლამენტთან და ყველამ ერთად უნდა ვუთხრათ „არა – რუსულ კანონს“ და „კი – ევროპას“. ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ. დასავლეთისგან სრული მხარდაჭერა გვაქვს ქართველ ხალხს და სრულ იზოლაციაშია ბიძინა ივანიშვილი. მერწმუნეთ, ჩვენ უახლოეს მომავალში გავიმარჯვებთ. ამიტომ ძალა ერთობაშია.

როდესაც ერთად ვართ, ვერაფერს ბედავენ. ახლა უნდათ, სათითაოდ დაგვესხან თავს. ამიტომ, გავამხნეოთ, გავამაგროთ ერთმანეთი, ვიყოთ გაცილებით მეტნი შაბათს, კვირას და, რაც მთავარია, გამარჯვება მოვიპოვოთ. ძალიან ახლოსაა გამარჯვება, ჩამოშლის პირასაა „ქართული ოცნება“. პოლიციელები ისეთ მდგომარეობაში არიან, ხმას ვერ იღებენ. საზოგადოებას ვეკითხები, ასეთი საქართველო გინდათ? ეს ხომ იმის ნათელი მაგალითია, რას აპირებს ივანიშვილი კანონის მიღების შემდგომ.

მე ღიად ვამბობ, თუ მას ეს ყველაფერი გაუვიდა, სათითაოდ ასე ყველას თავს დაგვესხმებიან, დაგვიჭერენ. ექვსი ადამიანი დავაკავეთო. ერთი ვინმე მაინც დააკავეს, ვინც ლევან ხაბეიშვილს თავს დაესხა? ვინც გუშინდელ თავდასხმებში იღებდა მონაწილეობას? ერთი პოლიციელი მაინც, რა დარღვევებსაც ჰქონდა ადგილი მშვიდობიანი დემონსტრაციისას, პასუხისგებაში მიცემულია? არცერთი, რადგან ასე იქცევა მშიშარა რეჟიმი, რომელიც ძალიან მალე დამთავრდება“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.