გიორგი ვაშაძე - ველოდებით გიორგი რურუას შეწყალებას, რაც შეეხება ნიკა მელიას, რადგან ის უარს ამბობს ევროკავშირის მხრიდან გირაოს გადახდაზე, დარეგისტრირდება ამნისტიის კანონი
გიორგი ვაშაძე - ველოდებით გიორგი რურუას შეწყალებას, რაც შეეხება ნიკა მელიას, რადგან ის უარს ამბობს ევროკავშირის მხრიდან გირაოს გადახდაზე, დარეგისტრირდება ამნისტიის კანონი

ველოდებით შეწყალებას გიორგი რურუასი, ნიკა მელია რადგან უარს ამბობს ევროკავშირის მხრიდან გირაოს გადახდაზე, დარეგისტრირდება ამნისტიის კანონი, ეს არის კონკრეტული ნაბიჯები, რომელიც მათ შორის შეთანხმებაშია გაწერილი, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

მისი თქმით, დოკუმენტი მისაღები და გასაგებია, რომელზეც ინტერპრეტაციები აღარ უნდა არსებობდეს.

ვაშაძის განცხადებით, აღნიშნული ნაბიჯები ერთი კვირის მანძილზე უნდა გადაიდგას.

„პირველ რიგში, კიდევ ერთხელ მივესალმები ჩვენს მოქალაქეებს, რომლებიც ექვსი თვის მანძილზე ძალიან გაფაციცებით უყურებდნენ პროცესს და დღეს შეთანხმება მიღწეულია, კრიზისი დაძლეულია, მაგრამ იმისთვის, რომ გაფორმდეს კრიზისის დაძლევა, ამას კონკრეტული ნაბიჯები სჭირდება. მე გულწრფელად მინდა თითოეულ პოლიტიკოსს, თითოეულ საჯარო პირს ვთხოვო, რომ ეს დღე გამოვიყენოთ იმისთვის, რომ კინკლაობებს ნუ დავიწყებთ და ლანძღვა-გინებაზე ნუ გადავლთ, რაც გვიჭირავს ხელში და გვიჭირავს ძალიან სოლიდური დოკუმენტი, ამის რეალიზებაზე და იმპლემენტაციაზე გვქონდეს საქმე. ამაზე იყო საუბარი ბატონი შარლ მიშელის მხრიდანაც. ეს იყო მთავარი გზავნილი. ველოდებით შეწყალებას გიორგი რურუასი. ამაზე გვქონდა საუბარი. რაც შეეხება ნიკა მელიას, რადგან ის უარს ამბობს ევროკავშირის მხრიდან გირაოს გადახდაზე, დარეგისტრირდება ამნისტიის კანონი, ეს არის კონკრეტული ნაბიჯები, რომელიც მათ შორის შეთანხმებაშია გაწერილი. ერთი კვირის მანძილზე უნდა გადაიდგას ყველა ეს ნაბიჯი და დღეიდან ეს ერთი კვირა ჩართულია. მგონი, ყველასთვის ყველაფერი გასაგებია. მოვუწოდებ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს და ვთხოვ, რომ ინტერპრეტაციების დრო ამ შეთანხმებაზე აღარ არის. პირადად მე ვმუშაობდი შეთანხმების ტექსტზე კოლეგებთან ერთად, დაზუსტებით გვაქვს ყველაფერი გავლილი. ქვეყანაში არის მართლა მილიონი მშიერი ადამიანი, უმუშევრობა, კორონავირუსით ხალხი იხოცება და უმძიმესი ეკონომიკური ვითარებაა. ახლა დრო დადგა, ეს ფურცელი გადავშალოთ და ზუსტად ისე ჯიუტად, როგორც ბოიკოტზე ვიყავით, ვაიძულოთ „ქართული ოცნება“ ბევრი რეფორმა გატარდეს ქვეყანაში“, – განაცხადა ვაშაძემ.

დატოვე კომენტარი