გიორგი ვაშაძე - ვანდალიზმში მხილებული ადამიანების ჯგუფი თავს დაესხა გაერთიანებული ოპოზიციის ოფისს და კულტურული ძეგლი დააზიანა
გიორგი ვაშაძე - ვანდალიზმში მხილებული ადამიანების ჯგუფი თავს დაესხა გაერთიანებული ოპოზიციის ოფისს და კულტურული ძეგლი დააზიანა

„ახალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ვაშაძე ქუთაისში, გაერთიანებული ოპოზიციის ოფისთან მომხდარ ფაქტს ეხმაურება.

ვაშაძე ამბობს, რომ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებმა, პოლიციელების დახმარებით სისხლის სამართლის დანაშაული ჩაიდინეს, რადგან მათ საღებავებით დააზიანეს ისტორიული და კულტურული ძეგლი.

„კიდევ ერთხელ ვნახეთ „ქართული ოცნების“ სახე, პოლიციის კორდონით გადაადგილდებოდა ვანდალიზმში მხილებული ადამიანების ჯგუფი, რომელიც თავს დაესხა გაერთიანებული ოპოზიციის ოფისს და წარმოდგენილი მაქვს კადრები, ისტორიული და კულტურული ძეგლი როგორ დააზიანეს ამ ადამიანებმა, რომელიც სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლის მეორე პრიმა მუხლის მიხედვით არის სისხლის სამართლის დანაშაული. ხაზს ვუსვამ, კულტურული მემკვიდრეობის ისტორიული ძეგლი საღებავებით დააზინეს, სწორედ „ქართული ოცნების“ მიერ დანიშნულმა საჯარო მოხელეებმა, სულ რამდენიმე ადამიანი აქტიურობდა, დანარჩენი ხალხი იძულებით მიიყვანეს ოფისთან. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია,სამწუხარო და საგანგაშო არის ის, რომ პოლიციას მიცემული აქვს დავალება, კორიდორი გაუკეთონ და შეუქმნან კომფორტი ამ ადამიანებს, რომ ეს სისხლის სამართლის დანაშაული ჩაიდინონ“ ,- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ვაშაძის თქმით, ოპოზიცია მშვიდობიანი ფორმით მოქმედებს, რაც განასხვავებთ მათ „ქართული ოცნებისგან“.

„მინდა, მივმართო საზოგადოებას, განსხვავება ოპოზიციასა და „ქართულ ოცნებას“ შორის სწორედ ეს არის. ჩვენ გვაქვს მშვიდობიანი, არაძალადობრივი პროცესი, ისინი არიან მოძალადეები, რომლებიც  ანადგურებენ საქართველოს და საქართველოს ისტორიულ მემკვიდრეობას. ეს რომ რომელიმე ოპიზიციის მხარდამჭერს ჩაედინა, რამდენი ადამიანი იქნებოდა დღეს დაპატიმრებული. ლაშა ჩხარტიშვილი დღეს დაპატიმრებულია სრულიად უდანაშაულოდ, მშვიდობიანი პროტესტის გამოხატვისთვის“ ,- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ქუთაისში, დღეს გაერთიანებული ოპოზიციისა და „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისს „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებმა საღებავები და კვერცხები ესროლეს.

დატოვე კომენტარი