გიორგი ვაშაძე - ვადამდელი პროპორციული არჩევნები აბსოლუტურად ლოგიკურია ამ კრიზისის პირობებში
გიორგი ვაშაძე - ვადამდელი პროპორციული არჩევნები აბსოლუტურად ლოგიკურია ამ კრიზისის პირობებში

ხალხის გამოძახილს ვნახავთ და იმის მიხედვით დადგება მოთხოვნები, – ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელმა, გიორგი ვაშაძემ განუცხადა ჟურნალისტებს, რომელიც პარლამენტის წინ აქციაზე იმყოფება.

მისი თქმით, დროზე უნდა შესრულდეს შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას მოთხოვნა, წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, აქციის მოთხოვნა თავისთავად გაიზარდოს.

„დღევანდელი დღე იყო ძალიან მნიშვნელოვანი, მსვლელობაში მონაწილე ხალხის რაოდენობამ კიდევ ერთხელ უჩვენა, რომ ძალიან ბევრი ადამიანი ითხოვს გახარიას გადადგომას. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და თუ ვინმეს ეგონა, რომ რაღაც მინელდა-მონელდა, ვფიქრობ, დღეს ამას პასუხი გაეცა. ეს არის ნერვების თამაში და მე ვურჩევდი „ქართულ ოცნებას“, რომ დროულად შესრულდეს მოთხოვნა, რადგან მოთხოვნები მართლა შეიძლება, გაიზარდოს, ეს თავისთავად შეიძლება მოხდეს. როგორც ხალხის მოთხოვნა, ისე წავიდეს, ამიტომ სჯობს, დროულად შეასრულონ ეს მოთხოვნები“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

რაც შეეხება კითხვას ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით, გიორგი ვაშაძე მიიჩნევს, რომ ვადამდელი პროპორციული არჩევნები ამ კრიზისის პირობებში ლოგიკურია.

„მე ვადამდელ პროპორციულ არჩევნებზე ვფიქრობ, რომ აბსოლუტურად ლოგიკურია ამ კრიზისის პირობებში, ოღონდ ვადამდელი პროპორციული არჩევნები, რადგან ძალიან მნიშვნელოვანია პროპორციული საარჩევნო სისტემა. რაც შეეხება მოთხოვნებს, ვფიქრობ, ხალხის გამოძახილს ვნახავთ და იმის მიხედვით დადგება მოთხოვნები”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

აქციაზე დღეს იმყოფებოდა საქართველოს ყოფილი პირველი ლედი სანდრა რულოვსი, რომელმაც განაცხადა, რომ უნდა გადადგეს მთავრობა და დაინიშნოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები. ამასთან, ვადამდელი არჩევნების მოთხოვნის შესახებ ისაუბრა საქართველოს ექსპრეზიდენტმა, ოდესის ყოფილმა გუბერნატორმა, მიხეილ სააკაშვილმა.