გიორგი ვაშაძე - უნდა დავიწყოთ მუშაობა იმ თორმეტი პუნქტის შესასრულებლად, რომელიც ევროპელმა პარტნიორებმა დაგვისახეს, ახალ წელს უნდა შევაბიჯოთ ევროპაში კანდიდატის სტატუსით
ევროპა და ევროკავშირი ან რუსეთი და ევრაზიული კავშირი; საქართველო ან ოლიგარქია – ეს არის ძალიან მკაფიო არჩევანი, რომელიც ჩვენ ყველამ უნდა გავაკეთოთ, – განაცხადა ოპოზიციონერმა დეპუტატმა, გიორგი ვაშაძემ.
ვაშაძემ მადლობა გადაუხადა ევროპელ პარტნიორებს, რომ მათ საქართველოს ეროვნული გადარჩენის ამოცანა დასახეს.
„ახლა ჯერი ჩვენზეა, რომ ეს ეროვნული გადარჩენის ამოცანა სისრულეში მოვიყვანოთ. დღეს, ისე, როგორც არასდროს, სახლში ჯდომა მთავარი პარტნიორია „ქართული ოცნების“. დღეს, ისე, როგორც არასდროს, ჩვენს ერთიანობას, იმ საოცარ მუხტს, რომელიც 20 ივნისს იყო, რომელიც დღეს და შემდეგ დღეებში უნდა იყოს ამ მშვიდობიან, სპეტაკ, ეროვნულ პატრიოტულ მუხტს აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. საქართველო არის ქვეყანა, რომლის ცივილიზებული ადგილი და ოჯახი ევროკავშირია, მაგრამ მხოლოდ ლაპარაკი საკმარისი არ არის. „ქართულმა ოცნებამ“ და ოლიგარქიულმა რეჟიმმა გვითხრეს, რომ არც ერთი რეფორმის გატარებას არ აღიარებენ. მათ გვითხრეს, რომ თავზე გადაგვახევენ ყველა რეკომენდაციას, რომელსაც ევროპა გვაძლევს. დადგა დრო, რომ ეროვნული ხსნის ამოცანას, რომელიც დაგვისახეს ჩვენმა ევროპელმა და დასავლელმა პარტნიორებმა, პასუხი ჩვენ გავცეთ. დღეს მე, როგორც საქართველოს ერთი-ერთი რიგითი მოქალაქე, ვაპირებ, აუცილებლად მივიდე რუსთაველზე, რათა ჩემი მოქალაქეობრივი პოზიცია დავაფიქსირო. რამდენიმე წელიწადში ჩვენ დავინახავთ ან აყვავებულ საქართველოს ევროპის ღირსეულ წევრს, ან საქართველოს, რომელიც იქნება უკაცრიელი ტერიტორია, რომელსაც მართავს რუსეთიდან მოვლენილი ოლიგარქიული რეჟიმი. ჩვენს ეროვნულ თვითშეგნებას უნდა ვუპასუხოთ და სწორედ ამიტომ უნდა გამოვიდეთ გარეთ. ჩვენ სამშობლო და საქართველო გულისხმობს და არ უნდა მივცეთ შესაძლებლობა, რომ ამ გზას აგვაცდინონ. დღეიდან უნდა დავიწყოთ მუშაობა ყველა იმ თორმეტივე პუნქტის შესასრულებლად, რომელიც ჩვენმა ევროპელმა პარტნიორებმა დაგვისახეს. საქართველომ ღირსეულად ახალ წელს უნდა შეაბიჯოს ევროპაში კანდიდატის სტატუსით“, – განაცხადა ვაშაძემ.
ვაშაძე ამბობს, რომ აქვთ კომპლექსური გეგმა, რომელსაც დღეს, 20:00 საათზე გააცნობენ საზოგადოებას.
„გაწერილი სტრატეგია და გეგმა გვაქვს, როგორ უნდა ვიმოქმედოთ, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ“, – აღნიშნა ვაშაძემ.
ამასთან, მისივე თქმით, ოპოზიცია აკეთებს ყველაფერს ეროვნული თანხმობისთვის.
„ქართული ოცნების“ მესვეურებს, რომლებიც ეროვნულ თანხმობაზე უარს ამბობენ, აუცილებლად პასუხს გასცემს საქართველოს საზოგადოება და ჩვენი დასავლელი პარტნიორები. ოპოზიციას დასავლეთის მხრიდან სრული მხარდაჭერა აქვს. ამის ნათელი მაგალითია ამერიკის საელჩოს, ევროკავშირის საელჩოსა და ევროპელი და ამერიკელი პარტნიორების მხარდაჭერა. „ქართულ ოცნებას“ სრული იგნორირება აქვს, რომლის პრემიერსაც უკვე არც კი ელაპარაკებიან. არც კი ჩართეს იმ საბოლოო გადაწყვეტილებაზე, სადაც საქართველოს ევროპული პერსპექტივა გაჟღერდა. ადამიანს, რომელსაც არ ესმის, ევროპა რა არის და არ ესმის ენა, რა ენაზეც დასავლური დემოკრატია და ცივილიზაცია საუბრობს, მისთვის კარი ყოველთვის დაკეტილი იქნება მსოფლიოში ყველგან“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.