გიორგი ვაშაძე - ტრადიციული ოპოზიციური ამომრჩევლისთვის გიორგი გახარია მისაღები არ არის და თუ „ქართულ ოცნებას“ ხმებს წაართმევს რეფერენდუმისთვის, ეს ჩვენთვის მისაღებია
გიორგი ვაშაძე - ტრადიციული ოპოზიციური ამომრჩევლისთვის გიორგი გახარია მისაღები არ არის და თუ „ქართულ ოცნებას“ ხმებს წაართმევს რეფერენდუმისთვის, ეს ჩვენთვის მისაღებია

ტრადიციული ოპოზიციური ამომრჩევლისთვის გიორგი გახარია მისაღები არ არის და თუ „ქართულ ოცნებას“ ხმებს წაართმევს, რეფერენდუმისთვის კი ბატონო, ეს ჩვენთვის მისაღებია, – ამის შესახებ „მესამე ძალა – სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რის საფუძველზე აცხადებს, რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები იქნება, რადგან „ქართული ოცნება“ შეთანხმებიდან გავიდა და 43-პროცენტიანი დათქმა აღარ არის, ვაშაძემ განაცხადა, რომ მთავარია, ხალხი არჩევნებზე მივიდეს, საკუთარი პოზიცია აჩვენოს და „ქართულმა ოცნებამ“ 43 პროცენტი ვერ აიღოს.

„ამას ექნება დიდი მხარდაჭერა დასავლეთის მხრიდანაც და „ქართული ოცნება“ იძულებული იქნება, რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები დანიშნოს. ეს მხოლოდ განცხადებაა, რომ ისინი შეთანხმებიდან გავიდნენ. მათ მოუწევთ შეთანხმების ამ კონკრეტული პუნქტის შესრულება“, – განაცხადა ვაშაძემ.

შეკითხვაზე, რა ხდება მეორე დღეს, თუ „ქართული ოცნება“ 43 პროცენტს ვერ აიღებს, „მესამე ძალა – სტრატეგია აღმაშენებელი“ ქუჩაში გადის და აქციებს იწყებს თუ საერთაშორისო ზეწოლის იმედი აქვს, ვაშაძემ აღნიშნა, რომ „ქართული ოცნება“ თვითონ გამოვა და თვითონ დანიშნავს ვადამდელ არჩევნებს.

„ამაში დარწმუნებული ვარ, გარანტიას გაძლევთ, რომ ასე იქნება“, – განაცხადა ვაშაძემ.

მისი თქმით, მესამე ძალა არ არის მხოლოდ ამ არჩევნებისთვის შექმნილი.

„ჩვენ უნდა გავფართოვდეთ, გავძლიერდეთ და რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებისთვის კიდევ უფრო მეტი ძალებით უნდა მოვემზადოთ. ეს არის იდეა, ბაცილა, ვირუსი, რომელიც ჩვენ შევუშვით ამ კამპანიის დროს, რომ ყველამ ამაზე იფიქროს და იმსჯელოს“, – განაცხადა ვაშაძემ.

თამთა სანიკიძის შეკითხვაზე, დარჩებოდა თუ არა საერთო ოპოზიციურ ერთობაში იმ შემთხვევაში, თუ ოპოზიცია ნიკა მელიას ნაცვლად მერობის სხვა კანდიდატზე შეთანხმდებოდა, ან კანდიდატად მას დაასახელებდნენ, გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომ ოპოზიციურ ერთობაში არც ერთ შემთხვევაში არ დარჩებოდა.

„ნიკა მელიაზე არც მქონია საუბარი. მე ვთქვი, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს არ დავუჭერ მხარს. იმიტომ, რომ ეს არის პოლუსი, პოლარიზების ერთ-ერთი ფაქტორი პოლიტიკაში. შესაბამისად, ხალხს უნდა მივცეთ ახალი არჩევანი“, – განაცხადა ვაშაძემ.

შეკითხვაზე, დაუჭერს თუ არა მხარს „მესამე ძალა – სტრატეგია აღმაშენებელი“ ნიკა მელიას იმ შემთხვევაში, თუ დედაქალაქში მეორე ტური იქნება, გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომ ამას პარტია მეორე ტურში გადაწყვეტს.