გიორგი ვაშაძე - სწორად მივდივართ, ნელ-ნელა სიტუაცია განიმუხტება და დავინახავთ, რომ შეთანხმება, რომელსაც ხელი მოვაწერეთ, ქვეყანას სტაბილიზაციისკენ წაიყვანს
გიორგი ვაშაძე - სწორად მივდივართ, ნელ-ნელა სიტუაცია განიმუხტება და დავინახავთ, რომ შეთანხმება, რომელსაც ხელი მოვაწერეთ, ქვეყანას სტაბილიზაციისკენ წაიყვანს

კიდევ ერთი პოლიტპატიმრით ნაკლები გვეყოლება. ნიკა მელიას და მის ოჯახს გათავისუფლებას ვულოცავ. დიდი მადლობა ევროპას, ამერიკას, შარლ მიშელს, ელჩებს, ქართველ ხალხს და დოკუმენტზე ხელმომწერლებს, – ასე ეხმაურება „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე მოსამართლის გადაწყვეტილება ნიკას მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლაზე.

„ვფიქრობ, სწორად მივდივართ, კარგად მივდივართ, ნელ-ნელა სიტუაცია განიმუხტება და დავინახავთ, რომ შეთანხმებას, რომელსაც ხელი მოვაწერეთ, ისტორიული შეთანხმებაა, რომელიც ქვეყანას სტაბილიზაციისკენ და ხელისუფლების ცვლილებისკენ წაიყვანს. ორკვირიანი ნერვების აშლილობა ახლა დამშვიდებულ ნერვებში უნდა გადავიყვანოთ, ოპოზიციურ თანამშრომლობას ალტერნატივა არ აქვს, განსხვავებულ აზრს უნდა მივეჩვიოთ. ასე რომ, მესამე ცენტრიც იქნება და „ქართული ოცნებაც“ ხელისუფლებას ჩამოსცილდება“, – განაცხადა ვაშაძემ.

თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის გირაოთი შეცვლასთან დაკავშირებით.