გიორგი ვაშაძე - „სტრატეგია აღმაშენებელს“ დამოუკიდებელი გადაწყვეტილება არასდროს გაგვიჭირდება, მაგრამ ჩვენი ამოცანაა, დოკუმენტს ხელი ყველამ მოაწეროს
გიორგი ვაშაძე - „სტრატეგია აღმაშენებელს“ დამოუკიდებელი გადაწყვეტილება არასდროს გაგვიჭირდება, მაგრამ ჩვენი ამოცანაა, დოკუმენტს ხელი ყველამ მოაწეროს

დოკუმენტში ასახული უნდა იყოს ხუთივე საკითხთან მიმართებით გადაწყვეტა. ყველაფერს გავაკეთებ, რომ მას ხელი მოაწეროს ყველა ოპოზიციურმა პარტიამ, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებელის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ დიალოგთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ მოლაპარაკებათა მესამე რაუნდი გაიმართოს.

„მდგომარეობა, რომელიც დღეს არის შექმნილი, ასე ჰაერში ვერ ჩამოეკიდება. შესაბამისად, მე განცხადება გავაკეთე, რათა საკუთარი პრინციპული მზადყოფნა დამეფიქსირებინა შეთანხმებისთვის იმ ხუთივე საკითხზე, რომელიც დოკუმენტშია. ვფიქრობ, პროცესი უნდა დაიძრას და ჩვენც მაქსიმალურად ყველაფერი გავაკეთოთ ამისთვის. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ პირველი – მესამე რაუნდი ჩატარდეს, მეორე – დოკუმენტში ასახული უნდა იყოს ხუთივე საკითხთან მიმართებით გადაწყვეტა, მათ შორის პოლიტპატიმრების საკითხი, ასევე რიგგარეშე არჩევნებზე უნდა იყოს კონკრეტული გზა. რაც შეეხება ჩვენს გადაწყვეტილებას, ყველაფერს გავაკეთებ, რომ ამ დოკუმენტის ხელმომწერი იყოს ყველა ოპოზიციური პარტია. მე ვთქვი, რომ „სტრატეგია აღმაშენებელს“ დამოუკიდებელი გადაწყვეტილება არ გვიჭირს და არც არასდროს გაგვიჭირდება, მაგრამ ჩვენი ამოცანაა, ყველამ მოაწეროს დოკუმენტს ხელი.

ბევრთან მაქვს შეხვედრა, ბევრთან მაქვს კომუნიკაცია და მგონი შევძელით, ყველასთვის კონკრეტულად აგვეხსნა, რომ ჩვენ შევთანხმდით ხუთ საკითხზე, რომელიც ამ დოკუმენტში უნდა იყოს. იმისთვის, რომ მანდატები სრულად იყოს რეალიზებული, აუცილებელია, ყველა საკითხი მოცემული იყოს ამ დოკუმენტში. სწორედ პლებისციტია, რასაც ყველა ოპოზიციური პარტია დათანხმდება“, – განაცხადა ვაშაძემ.