გიორგი ვაშაძე სოფელ ატოცთან მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერ-მინისტრს კითხვებით მიმართავს
გიორგი ვაშაძე სოფელ ატოცთან მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერ-მინისტრს კითხვებით მიმართავს

„ახალი საქართველოს“ თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე სოფელ ატოცთან მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერ-მინისტრს კითხვებით მიმართავს.

როგორც გიორგი ვაშაძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ის ინტერესდება, თუ რას გეგმავს ხელისუფლება პროცესების შესაჩერებლად.

„იზრდება საოკუპაციო ხაზი, ვკარგავთ ასობით ჰექტარ ტერიტორიას, კარგავენ სახლებს, კარგავენ სასაფლაოზე მისასვლელ გზებს, კარგავენ სახნავ-სათეს მიწებს და სამწუხაროდ, ამას ყველაფერს ვუყურებთ შორიდან. მე კონკრეტულ ორ კითხვას ვუსვამ პრემიერ გახარიას და მთავრობის წევრებს: რა გააკეთეთ ბოლო თვენახევრის განმავლობაში ჩორჩანას და გუგუტიანთკარის შემთხვევების შემდეგ, რომ თავიდან აგვეცილებინა ატოცი? რა ნაბიჯები გადადგით საქართველოს შიგნით თუ საერთაშორისო ასპარეზზე, რომ არ დავმდგარიყავით ამ შედეგის წინაშე და მეორე – რას აპირებთ? რა სტრატეგია გაქვთ ხვალ და ზეგ, როცა იქნება მსგავსი ნაბიჯები რუსული საოკუპაციო ძალების მხრიდან“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

მისივე თქმით უმოქმედობა დანაშაულია და საოკუპაციო ძალებს ახალისებს. ვაშაძის აზრით, საერთაშორისო ასპარეზზე ამ თემის გააქტიურება ხელს შეუწყობდა სამომავლოდ მსგავსი ფაქტების თავიდან არიდებას.