გიორგი ვაშაძე  - სხდომის ჩაშლის მიზეზად დაიხვიეს ჟურნალისტების ბანერი, არ უნდათ, რომ კითხვებს პასუხი გასცენ
გიორგი ვაშაძე - სხდომის ჩაშლის მიზეზად დაიხვიეს ჟურნალისტების ბანერი, არ უნდათ, რომ კითხვებს პასუხი გასცენ

დღეს შინაგან საქმეთა მინისტრს უხერხულობა შეუქმნა ჟურნალისტების პროტესტმა, – ამის შესახებ ოპოზიციონერი დეპუტატმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ მოქმედებს მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე.

„ქართული ოცნება“ ჩამოყალიბდა ანტისახელმწიფოებრივ, ანტიქრისტიანულ ძალად, პირდაპირ და სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რასაც ისინი ახალისებენ, არაფერი საერთო არ აქვს ქრისტიანულ სარწმუნოებასთან. პირიქით, ისინი არიან მთავარი მოძალადეები. დღეს შს მინისტრს უხერხულობა შეუქმნა ჟურნალისტების პროტესტმა, მაშინ, როცა მას არანაირი უხერხულობა არ ჰქონდა, როდესაც ჟურნალისტებს ფიზიკურად უსწორდებოდნენ რუსთაველზე, ფიზიკურად უსწორდებოდნენ ქუჩაში, ცემა -ტყეპა გაუმართეს და ამისთვის მხოლოდ და მხოლოდ რამდენიმე პოლიციელი ჰყავდა გამოყოფილი. მან პოლიცია დამალა, მაშინ, როდესაც თვითონ მოვიდა პარლამენტში. როგორც ჩანს, რაღაცის ეშინია, რადგან ამ შენობას პოლიციის ასობით და ათასობით თანამშრომელმა შემოარტყა ალყა. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ „ქართული ოცნება“ მოქმედებს მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე, მათ არც ქვეყანა, არც ჟურნალისტების ბედი, საქართველოს მოქალაქეები არ აინტერესებთ, ისინი არიან მოძალადეები. სხდომის ჩაშლის მიზეზად დაიხვიეს ჟურნალისტების ბანერი და არ უნდათ, რომ პასუხი გასცენ ამ კითხვებს“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარული სხდომა, სადაც შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურისთვის უნდა მოესმინათ, ჩაიშალა.

პარლამენტის თავმჯდომარის, კახა კუჭავას განცხადებით, დღევანდელ სხდომას დახურულად აცხადებს, რადგან პოლტიკური ჯგუფების მიზანი არ იყო დღეს სხდომის ჩატარება და კითხვების დასმა.

შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა პარლამენტი უკვე დატოვა.

საკანონმდებლო ორგანოში დღეს შინაგან საქმეთა მინისტრის მისვლას ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა.

მინისტრმა სიტყვით გამოსვლა დაიწყო გარდაცვლილი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას ოჯახისთვის მისამძიმრებით, რა დროსაც ოპოზიციის წარმომადგენლები ტრიბუნასთან მივიდნენ. მათ თან ჰქონდათ ლექსო ლაშქარავასა და წითლად გადახაზული პრემიერის ფოტოები.

გარდა ამისა, დარბაზში ბანერები გაშალეს მედიის წარმომადგენლებმაც. პარლამენტის თავმჯდომარემ ტექნიკური შესვენება რამდენჯერმე გამოაცხადა.

დატოვე კომენტარი