გიორგი ვაშაძე შარლ მიშელს წერილით მიმართავს
გიორგი ვაშაძე შარლ მიშელს წერილით მიმართავს

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს 19 აპრილის შეთანხმების ანულირების საკითხზე წერილით მიმართავს.

ვაშაძე ევროპული საბჭოს პრეზიდენტს მიმართავს, რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მისი აქტიური ჩართულობა, რათა თავიდან იყოს აცილებული პოლიტიკური კრიზისი და პროცესების რადიკალურად განვითარება.

ამასთან, წერილში გიორგი ვაშაძე აღნიშნავს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან შეთანხმებაზე ხელის არმოწერის თაობაზე ყურადღების გამახვილება მიზანშეწონილად არ მიაჩნიათ.

„28 ივლისს „ქართულმა ოცნებამ“ მიღწეული პოლიტიკური შეთანხმების: „საქართველოს სამომავლო გზის“ ცალმხრივად ანულირების განაცხადით, უარი თქვა ქვეყნის დემოკრატიული გზით განვითარებასა და ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე და კვლავ რადიკალიზაციისა და დაპირისპირების გზას დაადგა.

19 აპრილის პოლიტიკურმა შეთანხმებამ გააჩინა შესაძლებლობა, არა მხოლოდ რთული პოლიტიკური კრიზისის დასრულების, არამედ რეალურად გაჩნდა პერსპექტივა ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისა და ხელისუფლების არჩევნების გზით დემოკრატიულად ცვლილების.

სწორედ ამიტომ, ამ შეთანხმებამ მოიპოვა ნდობა ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობაში და ხაზი გაუსვა დასავლეთის განსაკუთრებულ როლს, ქვეყნისთვის მძიმე დროს. ჩვენი ბოლო შეხვედრისას ბათუმში, განვაცხადეთ „ქართული ოცნების“ მხრიდან შეთანხმების ცალკეული ნაწილის დარღვევის შესახებ, რაც მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნიდა შეთანხმების სრულად შესრულებას. შეხვედრაზე ასევე ხაზგასმით აღვნიშნეთ, რომ დიპლომატიური ენა არ არის საკმარისი, ვაიძულოთ „ქართული ოცნება“, შეასრულოს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, რისი დასტურიც არის ცალმხრივად ამ შეთანხმებიდან გასვლა. დღეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვნად მიგვაჩნია თქვენი აქტიური ჩართულობა, რათა თავიდან ავიცილოთ გარდაუვალი პოლიტიკური კრიზისი და პროცესების რადიკალურად განვითარება, რაც მხოლოდ რუსეთის ინტერესში შედის.

თქვენს განცხადებაში, შეთანხმებაზე „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან ხელის არმოწერის თაობაზე ყურადღების გამახვილება არ მიგვაჩნია მიზანშეწონილად, რადგან ეს მოცემულობა ცხადი და თვალნათელი იყო ხელმოწერისთანავე. შესაბამისად, ვფიქრობთ, რომ პასუხისმგებლობა გადანაწილებული იყო მხოლოდ პროცესში მონაწილე ხელისმომწერ მხარეებზე. მიგვაჩნია, რომ „ქართული ოცნება“ არის ძალა, რომელსაც მხოლოდ მკაფიო და მკვეთრი გზავნილები და აღსრულების მექანიზმები აიძულებს, შეასრულოს შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები.

ვადასტურებთ მზაობას, თქვენთან ერთად მივიღოთ კონსულტაციებში მონაწილეობა. გთხოვთ, დროული რეაგირებისა და ყველა არსებული მექანიზმის გამოყენებისკენ, რათა ვაიძულოთ „ქართული ოცნება“ დაუბრუნდეს ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას, რაც ქვეყანას მისცემს შესაძლებლობას, დემოკრატიული გზით განვითარებისა და ხალხის მიერ არჩეული პროდასავლური კურსის უზრუნველყოფის!“, – ნათქვამია წერილში.

შეგახსენებთ, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ გუშინდელ ბრიფინგზე განაცხადა, რომ განსაკუთრებულ მადლობას უხდის შარლ მიშელს მისი ძალისხმევისა და მხარდაჭერისთვის, თუმცა დოკუმენტის ხელმოწერიდან 100 დღის თავზე აშკარაა, რომ მან თავისი მისია შეასრულა და თავი ამოწურა. მისივე თქმით, 19 აპრილის შეთანხმების ანულირებით ქვეყანა კონსტიტუციურ ჩარჩოს დაუბრუნდა.

ამასთან, საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებასთან დაკავშირებით ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა დღეს განცხადება გაავრცელა.

დატოვე კომენტარი