გიორგი ვაშაძე - საქართველოში შემოსვლის უფლება არ აქვს მას, ვინც ოკუპაციის შესახებ კანონი დაარღვია
გიორგი ვაშაძე - საქართველოში შემოსვლის უფლება არ აქვს მას, ვინც ოკუპაციის შესახებ კანონი დაარღვია

ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონი უნდა დაიცვას პირველ რიგში საქართველომ. ჩვენ თუ დავარღვიეთ, ხომ იტყვიან, რომ ეს არის ბანანების სახელმწიფო და რაც არ უნდა ეწეროს კონსტიტუციაში, არაფერს ძალა არ აქვსო, – ამის შესახებ „ახალი საქართველოს“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ დაგეგმილ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომისთვის თბილისში რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლების შესაძლო ჩამოსვლასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოში შემოსვლის უფლება არ აქვს მას, ვინც ოკუპაციის შესახებ კანონი დაარღვია.

„ვფიქრობ, რომ ჩვენ უნდა დავიცვათ კანონი. თუ ჩვენ ჩვენი კანონი არ დავიცავით, არავინ არ გვცემს პატივს. სახელმწიფოს რისთვის აქვს კანონი? ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონი უნდა დაიცვას პირველი საქართველომ. ჩვენ თუ დავარღვიეთ, ხომ იტყვიან, რომ ეს არის ბანანების სახელმწიფო და რაც არ უნდა ეწეროს კონსტიტუციაში, არაფერს ძალა არ აქვსო. ივანიშვილმა და „ქართულმა ოცნებამ” ისედაც უზარმაზარი ზიანი მოგვაყენა კანონის უზენაესობასთან დაკავშირებით საერთაშორისო ასპარეზზე და დარწმუნებული ვარ, რომ ახლა ის მომენტია, როცა მაქსიმალური მობილიზაცია გვჭირდება, რომ არ დავარღვევინოთ კანონი. ოკუპაციის კანონი ვისაც დარღვეული აქვს, მას არ აქვს უფლება საქართველოში შემოვიდეს“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.