გიორგი ვაშაძე - საქართველოს პარლამენტი ვენეციის კომისიაში თუ არ აგზავნის დეოლიგარქიზაციაზე კანონპროექტს, ეს ნიშნავს, რომ დგამენ ნაბიჯს, ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი არ მიიღოს
გიორგი ვაშაძე - საქართველოს პარლამენტი ვენეციის კომისიაში თუ არ აგზავნის დეოლიგარქიზაციაზე კანონპროექტს, ეს ნიშნავს, რომ დგამენ ნაბიჯს, ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი არ მიიღოს

პრორუსული „ქართული ოცნების“ სპეკულაციებმა „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონზე არნახულ ზღვარს მიაღწია. მთელი ევროპა, აშშ და ყველა დამოუკიდებელი ორგანიზაცია ამბობს, რომ კანონპროექტი აბსურდულია, მაგრამ მაინც დაარეგისტრირეს და ორი მოსმენით მიიღეს, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

ვაშაძის თქმით, კანონპროექტი ვენეციის კომისიაში უნდა გადაიგზავნოს, რადგან ამას საერთაშორისო პარტნიორები ითხოვენ.

„რას არ გვიმტკიცებენ „ქართულ ოცნებაში“, რომ პროექტი ვენეციის კომისიაში არ გაგზავნონ. თუ საქართველოს პარლამენტი ვენეციის კომისიაში არ აგზავნის კანონპროექტს, ეს ნიშნავს, რომ დგამენ ნაბიჯს, ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი არ მიიღოს. საკითხთან დაკავშირებით განხილვა უკვე საბავშვო ბაღის დონეზეა — წარმოუდგენელი აბსურდი ტრიალებს. პრორუსული პარტიის თავმჯდომარე კობახიძეს მივმართავ: ირაკლი, გაქვს მარტივი არჩევანი, „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტს ან აგზავნი ვენეციის კომისიაში, ან არ აგზავნი, რაც იმას ნიშნავს, პირდაპირ უარს ამბობ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსზე – მორჩა, დამთავრდა, წერტილი. საქართველოს პარლამენტისგან ამას ითხოვს ევროკავშირი, აშშ, სამოქალაქო სექტორი, ოლივერ ვარჰეი, რომელიც „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს ასე ძალიან შეუყვარდათ. ისიც კი ამბობს, რომ კანონპროექტი ვენეციის კომისიაში უნდა გაიგზავნოს“, – განაცხადა ვაშაძემ.