გიორგი ვაშაძე - საქართველოს მოსახლეობამ გადაწყვიტა, რომ სალომე ზურაბიშვილს ხმას არ აძლევს და ხელისუფლება ამის გამო შეთქმულების თეორიებს ხატავს
გიორგი ვაშაძე - საქართველოს მოსახლეობამ გადაწყვიტა, რომ სალომე ზურაბიშვილს ხმას არ აძლევს და ხელისუფლება ამის გამო შეთქმულების თეორიებს ხატავს

ფაქტია, საქართველოს მოსახლეობამ გადაწყვიტა, რომ სალომე ზურაბიშვილს ხმას არ აძლევს და ხელისუფლება ამის გამო შეთქმულების თეორიებს ხატავს, – ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშია“ – საარჩევნო კამპანიის ხელმძღვანელმა, გიორგი ვაშაძემ პირველი არხის გადაცემაში „მოამბე – დღის თემა“ სტუმრობისას განაცხადა.

„კაბინეტებში რომ არიან გამოკეტილი, გავიდეს ბატონი ირაკლი კობახიძე ქუჩაში, გამვლელები გააჩეროს და ნახოს, სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერს საერთოდ თუ იპოვის და ხალხის მხრიდან მასთან მიმართებაში რა რეაქცია არსებობს“, – განაცხადა ვაშაძემ.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, დგას თუ არა მისი გუნდი რამე ფორმით ინციდენტების უკან, რასაც სალომე ზურაბიშვილის ხალხთან შეხვედრების დროს აქვს ადგილი, რადგან პროვოკაციების მოწყობაში პარლამენტის თავმჯდომარემ პირადად ის დაადანაშაულა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომ ეს განცხადება სიმართლეს აბსოლუტურად არის მოკლებული და ის, რაც სალომე ზურაბიშვილის ხალხთან შეხვედრებზე ხდება, აბსოლუტურად ბუნებრივია.

„ადამიანები თავისუფალი არიან. ქვეყანაში სიტყვის და გამოხატვის თავისუფლებაა და ყველას აქვს უფლება, აზრი გამოხატოს. ყველა თავის აზრს აფიქსირებს. მათ თავიანთი ქვეყანა უყვართ და ძალიან კარგად ხედავენ, სალომე ზურაბიშვილი ქვეყნისთვის რამხელა საფრთხეა“, – განაცხადა ვაშაძემ.

გაერთიანებული ოპოზიციის ,,ძალა ერთობაშია” – საარჩევნო კამპანიის ხელმძღვანელმა პარლამენტის თავმჯდომარეს ურჩია, შეთქმულების თეორიების ძებნის ნაცვლად, თავისივე დღევანდელი განცხადება მოისმინოს, რითაც მანაც იგივე დანაშაული ჩაიდინა, როცა თქვა, რომ ყოფილმა ხელისუფლებამ ორი რეგიონი რუსეთს ჩააბარა.

„ეს რუსული რიტორიკაა და ხაზს უსვამს იმას, რომ რასაც სალომე ზურაბიშვილი ამბობს, შემთხვევითი კი არ არის, მათ მიერ კარგად დაგეგმილი სტრატეგიაა, რაზეც როგორც ჩანს, ეს ყველაფერი უნდა აეწყოთ. მათ უბრალოდ, არ ეგონათ, რომ საქართველოს მოსახლეობისგან ამხელა რეაქციას მიიღებდნენ“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.