გიორგი ვაშაძე - სამოქმედო გეგმა ქუდზე კაცია, დღეს ყველა უნდა შევიკრიბოთ
გიორგი ვაშაძე - სამოქმედო გეგმა ქუდზე კაცია, დღეს ყველა უნდა შევიკრიბოთ

სამოქმედო გეგმა ქუდზე კაცია, დღეს ყველა უნდა შევიკრიბოთ, – ამის შესახებ „ახალი საქართველოს“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

„დღეს, 18:00-19:00 საათიდან ყველამ უნდა დავიწყოთ შეკრება. იქამდე არ უნდა დავიშალოთ, ვიდრე არ მივაღწევთ ჩვენსას. ეს ადამიანი ცდილობს, წაგვართვას ქვეყანა, წაგვართვას აბსოლუტურად ყველაფერი და ჰგონია, რომ ერთი მიწის ნაგლეჯია, რომლის პრივატიზებასაც გააკეთებს საქართველო.

თუ ღირსება გვაქვს, უნდა დავდგეთ, თუ არ გვაქვს ღირსება, მაშინ ყველაფერს გააკეთებს ეს ადამიანი, რასაც უნდა. აქ ვაპირებ ვიდგე და დარწმუნებული ვარ, ქართველი ხალხი ღირსეული ადამიანები არიან და არ შეარჩენენ ამ მამაძაღლობას, რასაც ჩადის ახლა ეს ადამიანი“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

პარლამენტთან ამ წუთებში აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები აპროტესტებენ დღევანდელი კენჭისყრის შედეგებს, რომლის თანახმადაც, პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის საკონსტიტუციო ცვლილებებმა ხმების საკმარისი რაოდენობა ვერ მიიღო. საკითხზე თავისუფალი კენჭისყრა ჩატარდა. საკონსტიტუციო ცვლილების მისაღებად, 113 დეპუტატის მხარდაჭერა იყო საჭირო. მმართველი გუნდის მიერ მომზადებულ კონსტიტუციურ პროექტს კი, 101-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, სამი წინააღმდეგი იყო.