გიორგი ვაშაძე - სალომე ზურაბიშვილი რეალურად რომ ეწინააღმდეგებოდეს ღალატის გზას, რომელსაც „ქართული ოცნება“ დაადგა, კონკრეტულ ნაბიჯებს უნდა დგამდეს, მისგან მხოლოდ განცხადებებს ვხედავთ
გიორგი ვაშაძე - სალომე ზურაბიშვილი რეალურად რომ ეწინააღმდეგებოდეს ღალატის გზას, რომელსაც „ქართული ოცნება“ დაადგა, კონკრეტულ ნაბიჯებს უნდა დგამდეს, მისგან მხოლოდ განცხადებებს ვხედავთ

სალომე ზურაბიშვილი რეალურად რომ ეწინააღმდეგებოდეს ღალატის გზას, რომელსაც „ქართული ოცნება“ დაადგა, კონკრეტულ ნაბიჯებს უნდა დგამდეს, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

ვაშაძე გამოეხმაურა სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, სადაც საქართველოს პრეზიდენტი ამბობს: „ჩვენი დეფეტიზმი უნისონშია მხოლოდ და მხოლოდ რუსეთის ნარატივთან, ეხმიანება მხოლოდ რუსეთის პროპაგანდას. ამის არც ახსნა შემიძლია, არც გაგება და არც გაზიარება“.

გიორგი ვაშაძის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილისგან რეალურ წინააღმდეგობას ვერ ხედავს.

„პრეზიდენტი მხოლოდ ექსპერტული განცხადებებით არ უნდა შემოიფარგლებოდეს და ქმედით ნაბიჯებს უნდა დგამდეს. მით უმეტეს, რომ საგარეო მიმართულებით მას თავისი მნიშვნელოვანი როლი აქვს. სალომე ზურაბიშვილი რეალურად რომ ეწინააღმდეგებოდეს იმ ღალატის გზას, რომელსაც „ქართული ოცნება“ დაადგა, კონკრეტულ ნაბიჯებს უნდა დგამდეს, თუნდაც დაწყებული პოლიტპატიმრების შეწყალებიდან, გაგრძელებული საერთაშორისო ქმედებებით. სამწუხაროდ, მისგან მხოლოდ განცხადებებს ვხედავთ, რეალურ წინააღმდეგობას ვერ ვხედავ. სამწუხაროდ, პრეზიდენტის მხრიდან შესაძლებლობების გამოყენებას ვერ ვხედავ. მგონია, რომ პრეზიდენტი ორმაგ თამაშს თამაშობს – „ქართულ ოცნებას“ თავიდან ბოლომდე რუსული გზა აქვს არჩეული და პრეზიდენტს ალაპარაკებენ, რომ მას ცოტა შერბილებული რუსული გზას ჰქონდეს“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.