გიორგი ვაშაძე - სააკაშვილთან პოლონელი ექიმების შეშვების პროცესი გააჭიანურეს, რათა სტრასბურგის მხრიდან დროებითი მექანიზმი არ ყოფილიყო გამოყენებული
გიორგი ვაშაძე - სააკაშვილთან პოლონელი ექიმების შეშვების პროცესი გააჭიანურეს, რათა სტრასბურგის მხრიდან დროებითი მექანიზმი არ ყოფილიყო გამოყენებული

არ მოხდა სააკაშვილთან პოლონელი ექიმების შეშვება, რომლებიც ევროკავშირის ეგიდით უნდა ჩამოსულიყვნენ, პროცესი გააჭიანურეს, რათა სტრასბურგის მხრიდან დროებითი მექანიზმი არ ყოფილიყო გამოყენებული, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით არ დევს ალტერნატიული, ინსტიტუციონალიზებული დასკვნა და, როგორც ჩანს, სტრასბურგი ვერ იხელმძღვანელებდა ცალკეული ექსპერტების ჩვენებით.

„ეს არ არის სტრასბურგის საბოლოო გადაწყვეტილება, საზოგადოებას შეცდომაში ნუ შეიყვანთ. „ქართულმა ოცნებამ“ მიზანმიმართულად არ შეუშვა ევროპელ ექიმთა ჯგუფი, იქნებოდა ინსტიტუციონალიზებული და ოფიციალური დასკვნა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით. სამწუხაროდ, ეს სამართლებრივი პრაქტიკაა, რომ, როცა არ არის ალტერნატიული, ინსტიტუციონალოზებული დასკვნა, ამ შემთხვევაში ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, როგორც ჩანს, სტრასბურგი ვერ იხელმძღვანელებდა ცალკეული ექსპერტების ჩვენებით. არ მოხდა სააკაშვილთან პოლონელი ექიმების შეშვება, რომლებიც ევროკავშირის ეგიდით უნდა ჩამოსულიყვნენ და პროცესი გააჭიანურეს, რათა დროებითი მექანიზმი არ ყოფილიყო გამოყენებული სტრასბურგის მხრიდან. ამიტომაც ველოდი ნეგატიურ გადაწყვეტილებას დროებით ღონისძიებასთან დაკავშირებით, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით არ დევს ინსტიტუციონალიზებული დასკვნა. მომავალში თუ მოხერხდა ამ ექიმების ჩამოსვლა, რასაც პირდაპირ ეწინააღმდეგება იუსტიციის მინისტრი და „ქართული ოცნება“, ეს იქნება ახალი გარემოება.

გვინდა თუ არ გვინდა, სამწუხარო რეალობა ასეთია, დღეს საქართველოში არსებობს ერთი ოფიციალური ექსპერტიზის ბიურო, სამხარაულის სახელობის ბიურო. საზოგადოებამ ვიცით, რომ ამ ინსტიტუციას ნდობა არ უნდა ჰქონდეს, მაგრამ სტრასბურგი ოფიციალური დოკუმენტებით მსჯელობს, არ მსჯელობს ჩემი და თქვენი მოსაზრებებით. ამის ალტერნატივა შეიძლება ყოფილიყო ევროკავშირის ეგიდით ოფიციალურად ჩამოსული ექსპერტთა ჯგუფი, რომელიც გააკეთებდა დასკვნას მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით. სამწუხაროდ, ეს არ გაკეთდა, პროცედურა გაიწელა. რომც ყოფილიყო ცალკეული ექსპერტების ჩვენება, არ მგონია, დროებით მექანიზმთან დაკავშირებით განსხვავებული გადაწყვეტილება ყოფილიყო. საბოლოო გადაწყვეტილება რაც იქნება, დარწმუნებული ვარ, იქ განხილული იქნება ყველა ექსპერტის მოსაზრება“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

გიორგი ვაშაძის შეფასებით, „ქართულმა ოცნებამ“ სტრასბურგის პროცესის საბოტაჟირება მოახდინა იმით, რომ არ დაუშვა ევროკავშირის ოფიციალური ექსპერტთა ჯგუფი, რომელსაც უნდა მოემზადებინა დასკვნა, რაც სტრასბურგისთვის სახელმძღვანელო იქნებოდა.

„სამწუხაროდ, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით საქმეში არ არის ინსტიტუციონალიზებული დასკვნა, ალტერნატიული, ევროკავშირისთვის მისაღები. საქმეში რომ არ არის, ეს არის„ქართული ოცნების“ საბოტაჟირებისა და არშეშვების შედეგი“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

12 მაისს ცნობილი გახდა, რომ სტრასბურგის სასამართლომ უარი უთხრა მიხეილ სააკაშვილს ვარშავაში გადაყვანაზე და სახელმწიფოს არ დაავალა ქვეყნის შიგნით მისი სხვა სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანა.