გიორგი ვაშაძე - სააკაშვილს ვერ წარმოუდგენია, ხალხმა მის გარეშე გადაწყვიტოს რიგგარეშე არჩევნების ბედი, ისევ შემოვარდა ამ პროცესში, რაც ხელს უშლის ოპოზიციის გამარჯვებას
გიორგი ვაშაძე - სააკაშვილს ვერ წარმოუდგენია, ხალხმა მის გარეშე გადაწყვიტოს რიგგარეშე არჩევნების ბედი, ისევ შემოვარდა ამ პროცესში, რაც ხელს უშლის ოპოზიციის გამარჯვებას

რეფერენდუმი ტარდება ხელისუფლების ცვლილებაზე, რიგგარეშე არჩევნებზე და არა მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლა-არჩამოსვლაზე, – ამის შესახებ „მესამე ძალა – სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოში ჩამოსვლაზე მიხეილ სააკაშვილის განცხადება ხელს უშლის ოპოზიციის გამარჯვებას.

„სამწუხაროდ, მერამდენედ ხდება წინასაარჩევნოდ. ალბათ, დღეს ყველაზე ბედნიერია „ქართული ოცნება“ ამ განცხადების შემდეგ, რადგან მისგან ისევ საფრთხობელას შექმნის მიხეილ სააკაშვილის სახით და ისევ მობილიზებას გააკეთებს ამომრჩევლის. რეფერენდუმი ტარდება ხელისუფლების ცვლილებაზე, რიგგარეშე არჩევნებზე და არა მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლა-არჩამოსვლაზე. ჩვენ მესამე ძალა იმისთვის ჩამოვაყალიბეთ, რომ ორპოლუსიანობა გავარღვიოთ, ჯერი ქართველ ხალხზეა. დღეს რეფერენდუმი ტარდება, რათა „ქართულ ოცნებას“ 43 პროცენტი არ ავაღებინოთ. სამწუხაროდ, მიხეილ სააკაშვილის განცხადება ხელს უწყობს „ქართულ ოცნებას“, ვიდრე რეფერენდუმის შედეგებს. მთავარი სამიზნე უნდა გავასწოროთ, ხელისუფლების ცვლილებების გზით უნდა წავიდეთ. ყველა კვლევით, „ქართული ოცნება“ 43 პროცენტს ვერ იღებს და როგორც ჩანს, სამწუხაროდ, სააკაშვილს ვერ წარმოუდგენია, ხალხმა მის გარეშე გადაწყვიტოს რიგგარეშე არჩევნების ბედი და ისევ შემოვარდა ამ პროცესში, რაც ხელს უშლის ოპოზიციის გამარჯვებას“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ 2 ოქტომბრის არჩევნებზე პირადად იქნება საქართველოში.

„ჩვენ, ყველა ერთად არ მივცემთ საშუალებას ივანიშვილს, გაგვიმეოროს ერთი და იგივე ტრიუკი, თავისი ვითომ საარჩევნო კამპანიით და მერე გაყალბებით, გადაწერებით, საქართველოდან გასული ხალხის პირადობის მოწმობის გამოყენებით. ის ამ ყველაფერს იზამს, ოღონდ ამ ყველაფერს ჩვენ უნდა გავცეთ პასუხი. უნდა ვისწავლოთ პასუხის გაცემა, შევუბრუნოთ მათ ხელი, თუ ისინი გადავიდნენ ძალადობაზე“, – განაცხადა სააკაშვილმა.