გიორგი ვაშაძე - როგორც კი საარჩევნო ცვლილებებს განვახორციელებთ, დროებითი საგამოძიებო კომისიის საკითხზე ოპოზიციამ გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ
გიორგი ვაშაძე - როგორც კი საარჩევნო ცვლილებებს განვახორციელებთ, დროებითი საგამოძიებო კომისიის საკითხზე ოპოზიციამ გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერ გიორგი ვაშაძის განცხადებით, საარჩევნო რეფორმის შემდეგ, ოპოზიციამ არჩევნების გაყალბების საკითხზე მომუშავე დროებით საგამოძიებო კომისიასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უნდა მიიღოს.

„როგორც კი საარჩევნო ცვლილებებს განვახორციელებთ, დროებით საგამოძიებო კომისიის საკითხზე მთლიანად ოპოზიციამ გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ. ფორმატი, რომელიც დღესაა შექმნილი, საკმარისი არ არის, რომ რეალური შედეგი დავდოთ და გამოკვლევა მოხდეს. აუცილებლად უნდა განახორციელოს კომისიამ რეალური სამუშაო. ერთხელ და სამუდამოდ ყველამ უნდა იცოდეს, რომ გაყალბებაზე ხელი არ წაუცდეთ. ამიტომ, მოედანზე, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ მისთვის სასარგებლოდ შექმნა, მონაწილეობის მიღება არასწორია, მაგრამ კომისია უნდა იყოს არჩევნების გაყალბებაზე“, – განაცხადა ვაშაძემ.

ჟურნალისტების კითხვაზე, ის ახალი კომისიის შექმნას ითხოვს თუ არა, ვინაიდან პარლამენტში ასეთი კომისია უკვე შექმნილია, ვაშაძემ უპასუხა, რომ „ისეთ ბრძოლაში ვერ შევა, რომელიც პროცედურულად შესაძლოა წააგოს“.

„მნიშვნელობა აქვს, ვინ ხელმძღვანელობს, რა პარიტეტით იქმნება, შექმნილია „ქართული ოცნების“ ხელმოწერებით და მას პრიორიტეტი აქვს უფრო ტექნიკური თვალსაზრისით. საპარლამენტო მუშაობა არის პროცედურული ომიც და იმ ბრძოლაში ვერ შევალ, რომელიც შეიძლება პროცედურულად წავაგო. ყველა ოპოზიციური პარტია არ არის პარლამენტში და ველოდები, რომ პარიტეტი სწორად იყოს გადანაწილებული. დღეს საგამოძიებო კომისია არ არის ნომერ პირველი განსახილველი“, – განაცხადა ვაშაძემ.