გიორგი ვაშაძე - როგორც ჟენევის ფორმატი არ უნდა შეიცვალოს, ზუსტად ასე, ჩვენსა და „ქართულ ოცნებას“ შორის მოლაპარაკებისას უნდა იდგნენ დიპლომატები
გიორგი ვაშაძე - როგორც ჟენევის ფორმატი არ უნდა შეიცვალოს, ზუსტად ასე, ჩვენსა და „ქართულ ოცნებას“ შორის მოლაპარაკებისას უნდა იდგნენ დიპლომატები

უყარონ კენჭი, აქამდე რატომ არ უყარეს, არ ვიცი, წაიღონ ეს მანდატები, არავის აინტერესებს პარლამენტში ჯდომა, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

„ჩვენ გვაქვს ჩართული ყველა მექანიზმი. პირველი, ეს არის აქციები და პროტესტი. აი, ასე მაგალითად, როგორც მე დღეს დავარღვიე მათი უწესო წესი. აი, ასეთი წინააღმდეგობები, დიპლომატიური მოლაპარაკებები, საჯარო შეხვედრები მოსახლეობასთან, ყველა ეს კომპონენტი უნდა გამოვიყენოთ, რადგან ქვეყანა უმძიმეს ვითარებაშია. „ქართულმა ოცნებამ“ რატომღაც ჩათვალა, რომ მათი ერთადერთი ფუნქცია არის მათი თანამდებობრივ სკამებზე ჯდომა და ხალხი არ აინტერესებთ, მოწყვეტილი არიან რეალობას. ჩვენ ეს აუცილებლად უნდა შევატრიალოთ. იქნება აქციებიც, პროტესტიც, იქნება მოქმედების სხვადასხვა გზა, მაგრამ არც ერთ შემთხვევაში არ შევეგუებით იმ უსამართლობას, რაც დღეს ქვეყანაში ხდება“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

მისივე თქმით, პრობლემას ვერ ხედავს იმ ფაქტში, რომ პარლამენტი რამდენიმე დღეში აპირებს, ოპოზიციის წარმომადგენლების მანდატების გაუქმებაზე იმსჯელოს. ვაშაძის განცხადებით, ხელისუფლების ეს ნაბიჯი დასავლელ პარტნიორებს დაანახებს, რომ მმართველ გუნდს შეთანხმება არ სურს.

„იმსჯელოს, რა პრობლემაა. გადადგან ეს ნაბიჯი. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს თანამედროვე მსოფლიოს, ჩვენს დასავლელ პარტნიორებს, რომ არანაირი შეთანხმება არ უნდათ. ხელისუფლებაში მყოფი ძალა უნდა იყოს მოტივირებული, რომ საზოგადოებრივი კონსენსუსი არსებობდეს და ესენი არიან ადამიანები, რომლებიც თვითონ აპირისპირებენ და უპირისპირდებიან, გახლეჩულობა შემოაქვთ. გადადგამენ ამ ნაბიჯს, ძალიან კარგი. რაც უფრო მალე გადადგამენ, მით მალე დაინახავს თანამედროვე სამყარო, ვისთან გვაქვს საქმე. უყარონ კენჭი. აქამდე რატომ არ უყარეს, არ ვიცი, წაიღონ ეს მანდატები. არავის აინტერესებს პარლამენტში ჯდომა. ულტიმატუმებს ისინი ჩვენ ვერ დაგვიწესებენ. ჩვენ ჩვენი გადაწყვეტილება მივიღეთ. თუ რიგგარეშე არჩევნებზე შეთანხმება არ არსებობს, აი, ეს ფახი-ფუხი რასაც აქვს მათი მხრიდან ადგილი და ეს რაღაც, ვიღაცის გადაბირება და ვიღაცაზე ზეწოლა რომ არ მუშაობს, ესეც ფაქტია“, – აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის განცხადებით, ცალკეული პირების პარლამენტში შესვლა საერთო ფონს ვერ შეცვლის.

„ერთეული ადამიანები, ვინც არ უნდა შევიდეს, არ ცვლის ფონს. არ მგონია, რადგან არავინ გადააბიჯებს ამ წითელს ხაზს. ქვეყანას სჭირდება არა გადაბირება, არამედ ეროვნული თანხმობა. შევარცხვინე ის პოლიტიკური ძალა, ის ხელისუფლება, რომელსაც უნდა, რომ ხელისუფლებაში იყოს და თანხმობის ნაცვლად, მოსყიდვა-გადაბირებაშია ჩართული. აი, ეს არის არასწორი“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

მისივე თქმით, ხელისუფლების წარმომადგენლებთან მხოლოდ დიპლომატების მონაწილეობით აქვთ კონსულტაცია და ასეც უნდა იყოს.

„ჩვენ არანაირი კონსულტაციები არ გვქონია. კონსულტაციები გვქონდა დიპლომატიური კორპუსის თანდასწრებით. იქ ბადრი ჯაფარიძეზე იყო საუბარი, რომ კონტაქტი იყოო. ეს იყო დიპლომატიური კორპუსის მეშვეობით განხორციელებული ყველა კონტაქტი და ასეთი ტიპის კონტაქტები გვქონდა. ადამიანურად არ ვიცი, ვის ვისთან შეიძლება, კონტაქტი ჰქონდეს. ეს ახლა არაფერს ნიშნავს. მე ფორმატს არ შევცვლი. როგორც საქართველო-რუსეთის მოლაპარაკების რეჟიმში ჟენევის ფორმატი არ უნდა შეიცვალოს, რადგან ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან ერთად უნდა ვიდგეთ, რომ ძლიერი ვიყოთ რუსეთთან, ზუსტად ასე არის, რომ ჩვენსა და „ქართულ ოცნებას“ შორის მოლაპარაკებისას აუცილებლად უნდა იდგნენ დიპლომატები, რათა გარანტია გვქონდეს, თუნდაც შეთანხმება რომ მოხდეს, რომ ის შეთანხმება შესრულდეს, რათა არ მოხდეს მოტყუება და გადაგდება, რა წესიც აქვს დამკვიდრებული „ქართულ ოცნებას“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.