გიორგი ვაშაძე - რეფერენდუმი ტარდება ხელისუფლების ცვლილებაზე და არა სააკაშვილი ჩამოვა თუ არა, ინიციატივები, რომლებიც ამ მიზანს აგვაცდენს, მიზანშეწონილი არ არის
გიორგი ვაშაძე - რეფერენდუმი ტარდება ხელისუფლების ცვლილებაზე და არა სააკაშვილი ჩამოვა თუ არა, ინიციატივები, რომლებიც ამ მიზანს აგვაცდენს, მიზანშეწონილი არ არის

ეს არჩევნები არის ხელისუფლების ცვლილების არჩევნები, ამაზე ტარდება რეფერენდუმი და არა მიხეილ სააკაშვილი ჩამოვა თუ არა საქართველოში, – ამის შესახებ „მესამე ძალა – სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ისეთი ინიციატივები, რაც ამ მიზანს გადაუხვევს, წინასაარჩევნოდ მიზანშეწონილი არ არის.

აღნიშნული კომენტარით, ვაშაძემ შეაფასა „კანონი და სამართლის“ ლიდერ თაკო ჩარკვიანის განცხადება, რომ მიხეილ სააკაშვილის დასაბრუნებლად ორგანიზაციას აფუძნებს.

გიორგი ვაშაძე ყველას მოუწოდებს, ფოკუსირებული იყვნენ მთავარ ამოცანაზე.

„მე ყველას მოვუწოდებ, ფოკუსი გავასწოროთ, რომ ხალხს სჭირდება ხელისუფლების ცვლილება, არა კონკრეტული პირები ხელისუფლებაში, არამედ სიახლეები ხელისუფლებაში. საქმის მკეთებელი პროფესიონალები ხელისუფლებაში, ამიტომ ისეთი ინიციატივები, რომლებიც ამ მიზანს აგვაცდენს, არ არის მიზანშეწონილი წინასაარჩევნოდ.

ვერავინ ვერავის აიძულებს ჩამოვიდეს, ან არ ჩამოვიდეს ქვეყანაში. ყველამ თავისი გადაწყვეტილება თავად უნდა მიიღოს. უბრალოდ, მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლა და არჩამოსვლა არ არის მთავარი ამოცანა საქართველოში, დღეს საქართველოში მთავარი ამოცანაა ხელისუფლების ცვლილება, ორპოლუსიანობის დამთავრება და რაც მთავარია, ხალხზე ორიენტირებული პოლიტიკის წარმოება“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.