გიორგი ვაშაძე - რაც თეა წულუკიანმა პარლამენტში ჩაიდინა, დანაშაულია
გიორგი ვაშაძე - რაც თეა წულუკიანმა პარლამენტში ჩაიდინა, დანაშაულია

2020 წლის ოქტომბრის შემდეგ თეა წულუკიანთან მიმართებაში ძალიან მკაცრი სამართლებრივი რეაგირება იქნება, – ამის შესახებ „ახალი საქართველოს“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

გიორგი ვაშაძე გამოეხმაურა საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ პარლამენტში, ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომაზე სახალხო დამცველის ანგარიშის საპასუხოდ ვიდეოკადრების ჩვენებას, სადაც პატიმრების მხრიდან ციხის თანამშრომლებთან ფიზიკური დაპირისპირების ფაქტებია ასახული.

„გუშინ რაც ჩაიდინა თეა წულუკიანმა არის დანაშაული. ნორმალურ ქვეყანაში იუსტიციის მინისტრი დაუყონებლივ უნდა გათავისუფლდეს თანამდებობიდან და დაიწყოს გამოძიება. მაგრამ ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც „ქართულმა ოცნებამ“ მიიტაცა ხელისუფლება, სადაც კანონი აღარ კანონობს და სადაც ქურდული სამყარო მართავს ციხეებს. ქურდული სამყაროს მიერ ციხეების მართვა უნდათ გადაფარონ ასეთი კანონდარღვევებით და ვიდეოების გასაჯაროებით, რაც გუშინ მოხდა. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, რატომ აძლევენ ქურდულ სამყაროს ამ ყველაფრის შესაძლებლობას? იმიტომ, რომ არჩევნებში სჭირდებათ კრიმინალები. „ქართული ოცნება“ დგას კრიმინალებზე და კრიმინალურ ავტორიტეტებზე, რადგან თვითონ ასეთები არიან. თვითონაც ქურდული მენტალობით მართავენ ქვეყანას. „მაყურებელი“ ჰყავს დღეს საქართველოს რეალურად და ამ „მაყურებლის“ მეშვეობით იმართება ხელისუფლება. რაც შეეხება რეაგირებას, 2020 წლის ოქტომბრის შემდეგ ამ კონკრეტულ ფაქტზე იქნება ძალიან მკაცრი რეაგირება პერსონალურად თეა წულუკიანთან მიმართებაში. მან ჩაიდინა სისხლის სამართლის დანაშაული და უცხოელი მოსამართლეების მიერ შემდგარი სასამართლო თეა წულუკიანს, დარწმუნებული ვარ, მიუსჯის კონკრეტულ სასჯელს“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

დატოვე კომენტარი