გიორგი ვაშაძე - ქვეყანაში გვაქვს უმუშევრობა, მონოპოლიებმა შეგვჭამა, ამ ყველაფერს მფარველობს სასამართლო კლანი, კეთილსინდისიერების მთავარი განაჩენი 26 ოქტომბერს უნდა გამოვუტანოთ ამ ადამიანებს
გიორგი ვაშაძე - ქვეყანაში გვაქვს უმუშევრობა, მონოპოლიებმა შეგვჭამა, ამ ყველაფერს მფარველობს სასამართლო კლანი, კეთილსინდისიერების მთავარი განაჩენი 26 ოქტომბერს უნდა გამოვუტანოთ ამ ადამიანებს

ქვეყანაში გვაქვს უმუშევრობა, მონოპოლიებმა შეგვჭამა, ამ ყველაფერს მფარველობს სასამართლო კლანი. ამიტომ კეთილსინდისიერების მთავარი განაჩენი 26 ოქტომბერს უნდა გამოვუტანოთ ამ ადამიანებს, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

ვაშაძის თქმით, საკითხი არის ძალიან კონკრეტული.

„ჩვენ ხომ ყველას გვინდა ევროკავშირში გაწევრიანება? ევროკავშირი გვეუბნება, რომ სასამართლოში უნდა იყოს კეთილსინდისიერებასთან დაკავშირებით კონკრეტული შესავლის პროცესი, თუ გინდათ, ევროკავშირში გაწევრიანდეთო. მე ვენდობი ევროპელ პარტნიორებს, ძალიან მინდა, საქართველო დაჩქარებული წესით გახდეს ევროკავშირის წევრი. ამიტომ ჩვენთვის ეს არის პრიორიტეტი. ღარიბაშვილისა და ივანიშვილისთვის პრიორიტეტია ქვეყანაში ფულის კეთება. ამიტომ გვაქვს უმუშევრობა, ამიტომ მიდის ემიგრაციაში ამდენი ადამიანი, მონოპოლიებმა შეგვჭამა და ფასებს კატასტროფულად ზრდიან. ამ ყველაფერს მფარველობს სასამართლო კლანი, რომელიც დღეს არის ქვეყანაში. ამიტომ მთავარი „ვეტინგი“ და კეთილსინდისიერების განაჩენი 26 ოქტომბერს უნდა გამოვუტანოთ ამ ადამიანებს“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

რაც შეეხება მოსამართლეებთან დაკავშირებით დედაქალაქში წარწერების განთავსებას, საკითხის კომენტირებისას ვაშაძემ აღნიშნა: „თქვენ არ ეთანხმებით შინაარსს? საზოგადოებაში კონსენსუსია იმ შინაარსთან დაკავშირებით, რაც აქ არის გამოხატული. ამას უნდა პასუხი ცვლილებებით, რომელსაც ჩვენგან ითხოვს ევროკავშირი, რათა დაჩქარებული წესით გავწევრიანდეთ. ღარიბაშვილი, რომელიც კორუფციის სიმბოლოდ იქცა ქვეყანაში, დაეთანხმება ამ ყველაფერს? რა თქმა უნდა, არა და არც უნდა მოეწონოს. მსგავსი არაფერი მოეწონება კორუმპირებული ღარიბაშვილის და ივანიშვილის პარტიას. ხალხს აქვს უფლება, გამოხატოს თავისი აზრი“.