გიორგი ვაშაძე - „ქართული ოცნების“ თაღლითურ ბუღალტერიაში ნუ შეხვალთ, დეოლიგარქიზაციის შესახებ მათ მიერ მომზადებული კანონპროექტის მიღება ნიშნავს, რომ საქართველო ვერ მიიღებს წევრობის სტატუსს 
გიორგი ვაშაძე - „ქართული ოცნების“ თაღლითურ ბუღალტერიაში ნუ შეხვალთ, დეოლიგარქიზაციის შესახებ მათ მიერ მომზადებული კანონპროექტის მიღება ნიშნავს, რომ საქართველო ვერ მიიღებს წევრობის სტატუსს 

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებით, დეოლიგარქიზაციის შესახებ „ქართული ოცნების“ კანონპროექტის მიღება ნიშნავს, რომ საქართველო ვერ მიიღებს ევროკავშირის წევრობის სტატუსს.

მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ ამ ყველაფერს მიზანმიმართულად აკეთებს.

„ნუ შეხვალთ „ქართული ოცნების“ მიერ მოგონილ თაღლითურ ბუღალტერიაში, საკითხი არის მარტივად. ამ კანონპროექტის მიღება ნიშნავს, რომ საქართველო ვერ მიიღებს ევროკავშირის წევრობის სტატუსს და „ქართული ოცნება“ ამ ყველაფერს მიზანმიმართულად აკეთებს. ისევე, როგორც ივნისში ე.წ. მოსმენების კანონი მოიღო მიზანმიმართულად, ასევე ნიკა გვარამია მაშინ დაიჭირა, როცა პრემიერი ბრიუსელში ჩადიოდა. ამ ყველაფერს მიზანმიმართულად აგრძელებს, რადგან „ქართული ოცნება“ არის პრორუსული ძალა და უნდა, საქართველო პირისპირ დატოვოს რუსეთთან“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ამასთან, გიორგი ვაშაძის განცხადებით, ხელისუფლება ქვეყნის ნატო-ში გასაწევრიანებლად არაფერს აკეთებს.

„თქვან, ეთანხმებიან თუ არა მათი კაგებეშნიკი ოთხეულის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომ ნამდვილად იყო თავდაცვისუნარიანობის თვალსაზრისით ფართო შეთავაზება და საქართველომ ამაზე უარი თქვა. ნატო-ში გაწევრიანებისთვის რატომ არაფერს აკეთებენ? რა უნდა გააკეთონ? – სტამბულში უნდა იყოს ხელისუფლება და თურქეთთან ერთად მუშაობდეს, რომ საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება დაჩქარდეს. ნატო გვინდა უსაფრთხოებისთვის და ამან კარებზე მოგვიკაკუნა და როგორც კანდიდატის სტატუსი დავკარგეთ, ისე ვკარგავთ ამ შესაძლებლობას. გერმანია, რომელიც ნატო-ში საქართველოსა და უკრაინის გაწევრიანების წინააღმდეგი იყო, უკრაინის გაწევრიანებას ეთანხმება და ხედავთ, რომ სხვა მოცემულობაა“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.