გიორგი ვაშაძე - „ქართული ოცნება“ ნებისმიერი სისტემით დამარცხებულია, თუმცა 100/50-ზე მოდელს არ დავთანხმდებით
გიორგი ვაშაძე - „ქართული ოცნება“ ნებისმიერი სისტემით დამარცხებულია, თუმცა 100/50-ზე მოდელს არ დავთანხმდებით

„ახალი საქართველოს“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, ოპოზიციის მიერ გაგზავნილ მოდელთან დაკავშირებით კონსტიტუციასთან მიმართებაში რაიმე პრობლემა რომ ყოფილიყო, ეუთო/ოდირი ამას დაწერდა, როგორც მოლდოვას შემთხვევაში გააკეთა.

ამ კომენტარით ვაშაძემ უპასუხა „ქართული ოცნების“ წევრებს, რომლებიც ამბობენ, რომ ოპოზიციის კანონპროექტის კონსტიტუციურობის დადგენის საკითხზე ეუთო/ოდირს არ უმსჯელია, ვინაიდან ეს არ არის მათი პრეროგატივა.

ვაშაძე „ქართულ ოცნებას“ ტყუილში ადანაშაულებს. ამასთან, ვაშაძე ამბობს, რომ მზად არიან, ეუთო-ს დასკვნაში მოცემული ექვსივე რეკომენდაცია გაითვალისწინონ.

„ევქსი რეკომენდაცია აქვს ეუთო-ს, ჩვენ მზად ვართ, ექვსივე გავითვალისწინოთ. რომ ყოფილიყო კონსტიტუციასთან მიმართებაში პრობლემა, ის ამას დაწერდა, ისევე როგორც მოლდოვაზე დაწერა ამის შესახებ. შესაბამისად, „ოცნების“ სტრანდარტი რა არის, მათ უნდათ ყოველთვის თეთრი შავად გაასაღონ, ორჯერ ორზე თქვან, რომ ოთხი არ არის. ეს მათი ტყუილების სტანდარტია, სწორედ ამიტომ იღებენ სილას სილაზე საერთაშორისო ასპარეზზე – კონგრესი, სენატი, ევროპარლამენტი, ევროსაბჭო, ინსტიტუცია არ დარჩა, რომელიც ფაქტობრივად მათ ამ აბსურდულ პოზიციებს ნეგატიურად არ აფასებს“ ,- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ვაშაძე მმართველ პარტიას ურჩევს, ეუთო/ოდირის დასკვნა კარგად წაიკითხონ.

„მე მათ ვურჩევ – კარგად წაიკითხეთ, გონს მოეგეთ, კანონი პარლამენტშია, ჩვენ მზად ვართ, ყველა ეს რეკომენდაცია გავითვალისწინოთ, დავარეგისტრიროთ ეს ყველაფერი და დავიწყოთ ნირმალური პროცესი, საარჩევნო კამპანია“ ,- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

რაც შეეხება დასკვნის იმ ნაწილს, სადაც საუბარია, რომ საერთაშორისო პრაქტიკის რეკომენდაციით, საარჩევნო კანონმდებლობის საკვანძო ასპექტები არ უნდა ექვემდებარებოდეს ცვლილებას, როდესაც არჩევნებამდე ერთ წელზე ნაკლებია დარჩენილი, ვაშაძე აცხადებს, რომ ცვლილება ორგანულ კანონში განხორციელდება.

ვაშაძის განმარტებით, უნდა მოხდეს შეთანხმება, რა საარჩევნო მოდელით ტარდება წელს არჩევნები. თუმცა, ვაშაძე მიიჩნევს, რომ „ოცნება“ ნებისმიერი მოდელით დამარცხებულია.

„ორგანულ კანონში იქნება ცვლილებები, რა თქმა უნდა. ისინი ამბობენ, არ არის სასურველი, საარჩევნო სისტემაში განხორციელდეს, მაგრამ ჩვენ ხომ ვიცით, რომ საქართველო იმ სპეციფიურ პირობებშია, როცა „ქართულმა ოცნებამ“ მოგვატყუა და გადაგვაგდო. აქედან გამომდინარე, შეთანხმება უნდა მოხდეს საარჩევნო მოდელზე, როგორ ტარდება წელს არჩევნები. სხვას კი არ გაუკეთებია ეს, „ოცნებამ“ გადაგვაგდო და მოგვატყუა, მას პროპორციულ არჩევნებზე უნდა გადაეყვანა მთლიანად საქართველო. არჩევნებში აუცილებლად მივიღებთ მონაწილეობას, ნებისმიერი მოდელით „ოცნება“ დამარცხებულია, ოღონდ ჩვენთვის, „ახალი საქართველო გაერთიანებული ოპოზიციისთვის“ ძალიან მნიშვნელოვანია, იყოს სამართლიანი მოდელი. ჩვენ დიდი შანსი გვაქვს, პირველ ადგილზეც გავიდეთ და მაჟორიტარული ოლქების აბსოლუტური უმრავლესობა მოვიგოთ, მაგრამ ჩვენი მიზანი არის, რომ ჩვენი პარტნიორი სხვა პარტიები იყვნენ პარლამენტში წარმოდგენილი, ეს არის ახალი მართვის კულტურა, რომელიც უნდა ჩამოყალიბდეს, ერთპარტიულობა უნდა დავასრულოთ“ ,- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

გიორგი ვაშაძის განმარტებით, მმართველი პარტიის შეთავაზებას 100/50-ზე არც ერთ შემთხვევაში არ დათანხმდებიან.

„50/100 გამორიცხულია, არ დავთანხმდებით არც ერთ შემთხვევაში, ჩვენ ადგილებით არ ვვაჭრობთ, ჩვენ გვინდა სისტემურად ახალი მოდელი დაინერგოს, რომელიც ახალი განვითარების ტალღას მისცემს ქვეყანას“ ,- აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.

შეგახსენებთ, საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილების პროექტთან დაკავშირებით ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (ოდირი) დასკვნა გამოქვეყნდა. დასკვნაში წერია, რომ საარჩევნო სისტემის არჩევა არის სახელმწიფოს სუვერენული გადაწყვეტილება, ორივე პრინციპი, მაჟორიტარულიც და პროპორციულიც, ასევე მათი კომბინაციით მიღებული შერეული სისტემა არის ლეგიტიმური არჩევანი.

ამასთან, როგორც დასკვნაშია აღნიშნული, საერთაშორისო პრაქტიკის რეკომენდაციით, საარჩევნო კანონმდებლობის საკვანძო ასპექტები არ უნდა ექვემდებარებოდეს ცვლილებას, როდესაც არჩევნებამდე ერთ წელზე ნაკლებია დარჩენილი.

ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის დოკუმენტში ნათქვამია, რომ კანონმდებლობის კონსტიტუციურობასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილების მიღება ეროვნულ სასამართლოებზეა დამოკიდებული.

დატოვე კომენტარი