გიორგი ვაშაძე - „ქართული ოცნება“ დეპუტატების ნახევარმა თუ დატოვა და პარლამენტში უმრავლესობა აღარ იქნება, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება
გიორგი ვაშაძე - „ქართული ოცნება“ დეპუტატების ნახევარმა თუ დატოვა და პარლამენტში უმრავლესობა აღარ იქნება, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება

„ქართული ოცნება“ დეპუტატების ნახევარმა თუ დატოვა და პარლამენტში უმრავლესობა აღარ იქნება, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები იქნება, აბა, არ იქნება?, – ამის შესახებ გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, გიორგი ვაშაძემ პირველი არხის გადაცემაში „პრეზიდენტის არჩევნები 2018“ განაცხადა.

„ეს მარტივია. თუ უმრავლესობა ნახევარზე მეტმა ადამიანმა დატოვა და პარლამენტში უმრავლესობა აღარ გვაქვს, მაშინ აბა, რა ხდება?! რატომ არ შეიძლება, რომ რიგგარეშე არჩევნები დაინიშნოს?! ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები იმ შემთხვევაში ჩატარდება, თუ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი შეიქმნება“, – განაცხადა ვაშაძემ.

ამ განცხადებით გიორგი ვაშაძემ გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, რა პოლიტიკური ინსტრუმენტი შეიძლება ჰქონდეს გრიგოლ ვაშაძეს გამარჯვების შემთხვევაში, რომ პოლიტიკური კრიზისი გამოიწვიოს და „ქართული ოცნების“ საკონსტიტუციო უმრავლესობამ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება საჭიროდ ჩათვალოს. 

გადაცემის ერთ-ერთი წამყვანის, ანალიტიკოს ტატო ხუნდაძის შეკითხვაზე, რას სთავაზობს საზოგადოებას პოლიტიკური გაერთიანება „ძალა ერთობაშია“ ჯანდაცვის სექტორში ახალს, გიორგი ვაშაძემ აღნიშნა, რომ ახალი სტრატეგიის მიხედვით, მაქსიმალური ყურადღება გამახვილდება საზოგადოებრივ ჯანდაცვაზე.

„სანამ ადამიანი გადასარჩენ მდგომარეობამდე მივა, მანამდე ვუმკურნალოთ. მძიმე მდგომარეობაში მისული ადამიანის მკურნალობა სახელმწიფოს გაცილებით ძვირი უჯდება. ყველაზე ძვირი კი ის არის, რომ ეს ადამიანი შეიძლება, გარდაიცვალოს, რადგან ვეღარ უშველი. საბიუჯეტო სახსრების მაქსიმალური ინექცია უნდა გავაკეთოთ იქ, სადაც მეტი პრევენციაა, რომ პირველ რიგში, დავზოგოთ ადამიანის სიცოცხლე და ასევე – რესურსები, რომელიც ამასთან დაკავშირებით იხარჯება“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.