გიორგი ვაშაძე -„ქართულ ოცნებას“ არ აქვს შანსი, მოიგოს არჩევნები, რის გამოც ცდილობს, მანიპულაციის მექანიზმები დაიტოვოს და ძველ პირადობის მოწმობებს მოქმედების ვადა გაუხანგრძლივოს
გიორგი ვაშაძე -„ქართულ ოცნებას“ არ აქვს შანსი, მოიგოს არჩევნები, რის გამოც ცდილობს, მანიპულაციის მექანიზმები დაიტოვოს და ძველ პირადობის მოწმობებს მოქმედების ვადა გაუხანგრძლივოს

„ქართული ოცნება“ ცდილობს, მოქმედების ვადა გაუხანგრძლივოს ძველ, ე.წ. ლამინირებულ პირადობის მოწმობებს, რათა არჩევნების მანიპულაციისა და გაყალბების მექანიზმები შეინარჩუნოს, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

გიორგი ვაშაძის თქმით, 2013 წლისთვის საქართველოს ყველა მოქალაქეს უნდა ჰქონოდა „აიდი“ ბარათი და ძველი პირადობის მოწმობები გაუქმებულიყო.

„მთავარი კითხვა, რომელიც გაჩნდა საზოგადოებაში, რატომ უნდა „ქართულ ოცნებას“, ძველი პირადობის მოწმობები კვლავ დატოვოს  მოქმედებაში, უფრო სწორად, მისი მოქმედების ვადა გაახანგრძლივოს? მას არ აქვს შანსი, მოიგოს არჩევნები და სურს, არჩევნების მანიპულაციების, გაყალბების მექანიზმები დაიტოვოს ხელში. 2011 წელს ჩემ მიერ იქნა ინიცირებული „აიდი“ ბარათების პროექტი. ამ პროექტის მიხედვით, 2013 წლისთვის საქართველოს ყველა მოქალაქეს უნდა ჰქონოდა „აიდი“ ბარათი და ძველი პირადობის მოწმობები გაუქმებულიყო. დღეს არის 2023 წელი, ამ დრომდე „ქართული ოცნება“ ცდილობს, მოქმედების ვადა გაუხანგრძლივოს ძველ, ე.წ. ლამინირებულ პირადობის მოწმობებს, რათა არჩევნების მანიპულაციისა და გაყალბების მექანიზმები შეინარჩუნოს“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

გიორგი ვაშაძის განცხადებით, IRI-ის კვლევები აჩვენებს, რომ „ქართულ ოცნებას“ მომავალ არჩევნებზე გამარჯვების შანსი არ აქვს.

„შესაბამისად, ცდილობს, რაღაც მექანიზმებით არჩევნების მანიპულაციური შედეგების შესაძლებლობა შეინარჩუნოს. ამის ნაწილია ძველი პირადობის მოწმობების დატოვება, ამის ნაწილია, რომ „გამარჯვების კოალიციის“ –  „ნაციონალური მოძრაობისა“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ ამერიკელ და ბრიტანელ კონსულტანტებს არ უშვებს ქვეყანაში. არ ყოფილა პრეცედენტი, რომ არჩევნებში მაღალი შედეგი ჰქონოდეს ღიად პრორუსულ ძალას, დღეს კი „ქართული ოცნება“ ღიად პრორუსული ძალაა როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ. კარგად იცის, რომ ერთადერთი გზა აქვს, როგორმე შეინარჩუნოს გაყალბების მექანიზმები. მეტიც, მომდევნო არჩევნებზე აღარ იქნება მაჟორიტარული არჩევნები, შესაბამისად, მეორე ტურები, რომლებიც მას არჩევნების შედეგებით მანიპულაციის საშუალებას აძლევდა.

ფრიდონ ინჯიას ხელით პარლამენტში „შემოაგდეს“ კანონპროექტი, რომლითაც უნდათ, რომ ძველი ლამინირებული პირადობის მოწმობა დატოვონ მოქმედებაში. ფაქტობრივად, აღარ დარჩა ქვეყანა, რომელსაც დემოკრატიულად არჩევნების ჩატარება სურს და მსგავსი დოკუმენტი იყოს მოქმედებაში. ყველა არგუმენტი, რომელიც მოჰყავთ, აბსურდულია. ასე შეიძლებოდა, მაგალითად, ჩვენთვის ვინმეს ეთქვა, რომ საბჭოთა პასპორტები დაგვეტოვებინა მოქმედებაში და არ გაგვეცა პირადობის მოწმობა, რადგან ძველ, ლამინირებულ პირადობის მოწმობაზეც ამბობდნენ, ეშმაკია ჩასახულიო. ტესტი მარტივია,  „აიდი“ ბარათებზე კანონი მიღებულია, რომ ლამინირებული პირადობა აღარ უნდა იყოს მოქმედებაში, ახლა „ქართულ ოცნებას“ იმდენად ეშინია 2024 წლის არჩევნების, ცდილობს, მანიპულაციის მექანიზმები დაიტოვოს. დღეს დარჩენილია რამდენიმე ათასი ადამიანი, რომელსაც, შესაძლოა, არ ჰქონდეს „აიდი“ ბარათი. ამ რამდენიმე ათასმა ადამიანმა რატომ არ გამოცვალა ლამინირებული პირადობა? არ უთხრეს, რომ მოქმედების ვადა გაუუქმდა. ვეუბნები „ქართულ ოცნებას“, ნუ გეშინიათ, არაფერი მოგივათ, როცა არჩევნებს წააგებთ. არ გავიმეორებთ იმ ქმედებებს, რომლებსაც თქვენ ჩადიხართ. „აიდი“ ბარათებით უნდა ჩატარდეს არჩევნები, ეს არის შეთანხმება, რომელიც ამ პარლამენტმა მიიღო. კანონი დამტკიცებულია, შესაბამისად, ამის ნებისმიერი გადახედვა ჩაითვლება მცდელობად, გაყალბდეს საარჩევნო შედეგები“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.