გიორგი ვაშაძე -  „ქართულ ოცნებას“ საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდების შანსს არ მივცემ
გიორგი ვაშაძე - „ქართულ ოცნებას“ საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდების შანსს არ მივცემ

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ  საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება მნიშვნელოვანია, რადგან ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა.

მისივე თქმით, ქართულ ოცნებას“ ამ ცვლილებების ჩაგდების შანსს არ მისცემს. მისივე თქმით, ამისთვის საჭიროა დასავლელი პარტნიორების გააქტიურებაც.

„ყველას აქვს თავისი გზა, ზოგი დატოვებს, ზოგი არ დატოვებს, მაგრამ სექტემბერში ამ პარლამენტმა უნდა მიიღოს საკონსტიტუციო ცვლილებები, რომლითაც უნდა გადავიდეთ სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე. „ქართულ ოცნებას“ ამ ცვლილებების ჩაგდების შანსს არ მივცემ. ერთადერთი სესია გვაქვს არჩევნებამდე დარჩენილი და ეს სესია არის საკონსტიტუციო ცვლილებებზე კენჭისყრა. ჩემი ხმა სრულად პროპორციულ საკონსტიტუციო ცვლილებებს ექნება. ჩვენი მთელი ფრაქცია აუცილებლად მხარს დაუჭერს ამ მიღწევას. ამისთვის ჩვენ გვჭირდება დასავლელი პარტნიორების გააქტიურება“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

შარლ მიშელის შეთანხმების საფუძველზე, პარლამენტში უკვე ინიცირებულია საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელიც საარჩევნო ბარიერს 5-დან 2 პროცენტამდე ამცირებს. ფრაქციის შექმნისთვის შვიდი დეპუტატის ნაცვლად, ოთხი იქნება საჭირო. ამ ცვლილებებით, ასევე იცვლება გენერალური პროკურორის არჩევის წესიც და მაღალი კვორუმი წესდება.