გიორგი ვაშაძე - პრემიერ-მინისტრმა და მთავრობამ ამ დიდ ჩაფლავებაზე პასუხისმგებლობა უნდა აიღონ
გიორგი ვაშაძე - პრემიერ-მინისტრმა და მთავრობამ ამ დიდ ჩაფლავებაზე პასუხისმგებლობა უნდა აიღონ

პრემიერ-მინისტრმა პირდაპირ განაცხადა, რომ ევროპული კურსის ნაცვლად ოლიგარქიას ირჩევს, უნდა ეთქვა ხალხისთვის, რომ ამ კატასტროფაზე პასუხისმგებლობას იღებს და უნდა გადამდგარიყო, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

ვაშაძის თქმით, დღეს პრემიერ-მინისტრის რეალობას აცდენილი კიდევ ერთი განცხადება მოისმინა.

„ქვეყანას ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღების შესაძლებლობა მთავრობამ დააკარგვინა, ისევე როგორც 14 მილიარდი ევრო, რაც საქართველოს კანდიდატის სტატუსთან ერთად უნდა მიეღო. პრემიერ-მინისტრმა პირდაპირ განაცხადა, რომ ევროპული კურსის ნაცვლად ოლიგარქიას ირჩევს და დღეს მას უნდა ეთქვა ხალხისთვის, რომ იღებს სრულად პასუხისმგებლობას ამ კატასტროფაზე და უნდა გადამდგარიყო. პრემიერ-მინისტრი და მთავრობა, რომელმაც დააკარგვინა საქართველოს ევროპული პერსპექტივა, უნდა გადადგეს. თუ ვსაუბრობთ დეპოლარიზაციაზე, ეს იქნებოდა პირველი ნაბიჯი დეპოლარიზაციისკენ, მაგრამ სამწუხაროდ, მათი მხრიდან კვლავ ჯიუტად ხდება ერთი და იმავეს მტკიცება, რომ ყველაფერი კარგად არის, არაფრის გაკეთებას არ აპირებენ და ოლიგარქი არის მთელი ამერიკა და ევროპა, მაგრამ არა ივანიშვილი.

პრემიერ-მინისტრმა და მთავრობამ ამ დიდ ჩაფლავებაზე პასუხისმგებლობა უნდა აიღონ. ამიტომ, დღეს 20:00 საათზე უნდა შევიკრიბოთ, მოთხოვნები დადგება რუსთაველზე, რომელიც ყველამ კარგად უნდა გავიაზროთ და საბოლოო გადაწყვეტილებები მივიღოთ, რადგან არჩევანი არის მარტივი – რუსეთი ან ევროკავშირი“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.