გიორგი ვაშაძე - პრანჭიაობის დრო არ არის, სამშაბათს აუცილებლად მივალთ ბიუროს სხდომაზე და საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან ყველა საკითხზე მსჯელობაში მივიღებთ მონაწილეობას
გიორგი ვაშაძე - პრანჭიაობის დრო არ არის, სამშაბათს აუცილებლად მივალთ ბიუროს სხდომაზე და საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან ყველა საკითხზე მსჯელობაში მივიღებთ მონაწილეობას

სამშაბათს ჩვენ აუცილებლად მივდივართ ბიუროს სხდომაზე და საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან ყველა საკითხზე მსჯელობაში მივიღებთ მონაწილეობას, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერ პოლიტიკურ ძალებს შორის შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, მოუწევთ, რომ სრულფასოვნად შევიდნენ პარლამენტში, რადგან მათ ხალხი უკვე მეტ პასუხს სთხოვს.

„პირველი, რაზეც ჩამოვყალიბდით, სამშაბათს ჩვენ აუცილებლად მივდივართ ბიუროს სხდომაზე. საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან ყველა საკითხზე მსჯელობაში მივიღებთ მონაწილეობას, არა მხოლოდ შარლ მიშელის დოკუმენტის ფარგლებში, არამედ სხვა საკითხებზე, რომ არ გააპაროს „ქართულმა ოცნებამ“ ცვლილებები. სამშაბათის დღე საბოლოოდ გვაჩვენებს, რომ ალბათ მოგვიწევს, სრულფასოვნად შევიდეთ პარლამენტში, თუმცა ტექნიკურადაც ვნახავთ ამ ყველაფერს და საბოლოო გადაწყვეტილებას გეტყვით. კიდევ ერთხელ ვამბობ, არ იქნება ის პოზიცია, რომ მხოლოდ შარლ მიშელის დოკუმენტის ფარგლებში შევდივართ, არამედ ადმინისტრაციული იქნება თუ მოსმენები, მოგვიწევს იქ მივიდეთ, რადგან ხალხი ჩვენ უკვე მეტ პასუხს გვთხოვს“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ამასთან, ვაშაძე თავის შეცდომად მიიჩნევს, რომ პარლამენტში მინისტრის საათის ფორმატში ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის გამოსვლას არ ესწრებოდა.

„ნაციონალური მოძრაობა“ რომც შემოვიდეს პარლამენტში, უმრავლესობა მაინც არ გვაქვს. ამიტომ შანსი არის ერთი და იგივე, დაჯდება 15 ოპოზიციონერი დეპუტატი თუ 50. საერთოდ, ყველა ქვეყნის პარლამენტში არსებობს ოპოზიცია და უმრავლესობა, გვინდა თუ არ გვინდა, ნებისმიერ კანონს სჭირდება უმრავლესობის მხარდაჭერა. ოპოზიციის როლია, საზოგადოებას აჩვენოს რეალური პრობლემა კონკრეტულ კანონებთან მიმართებით. ისეთ მყიფე უმრავლესობაში, რომელიც დღეს აქვს „ქართულ ოცნებას“, ვფიქრობ, გარკვეულ საკითხებთან მიმართებით არის შესაძლებლობა, რომ საზოგადოებრივ წნეხთან ერთად, საპარლამენტო მექანიზმის გამოყენებით, აზრი შევაცვლევინოთ. სულ მცირე მაგალითად, კოვიდთან დაკავშირებით რომ მივსულიყავით ტიკარაძის სხდომაზე და ჩემ შეცდომად ვთვლი, რომ არ მივედი, მას ძალიან ბევრს შევაცვლევინებდი იმ აბსურდული მართვის პროცესში, რომელიც დღეს არის. სულ მცირე იქ არ დამეთანხმებოდა, მაგრამ წავიდოდა და გააკეთებდა, ასე არაერთხელ გაუკეთებიათ. ამიტომ, ჩვენი პარლამენტში მუშაობის მთავარი მიზანი არის, დავიცვათ ხალხის ინტერესი. ოპოზიციის მხრიდან ხალხის ინტერესის დაცვა არის, რომ სათქმელი, რაც ხალხს აქვს, ყველაზე მაღალი ტრიბუნიდან იყოს გაჟღერებული. უმრავლესობაზე გავზარდოთ წნეხი ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან ერთად, რათა ისეთი მავნებლური, არადემოკრატიული კანონები არ მიიღონ, რაც მიიღეს გუშინ“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

რაც შეეხება საქართველოს ადმინისტრაციულ კოდექსში ცვლილებებს, ამასთან დაკავშირებით ვაშაძე აცხადებს, რომ აპირებენ, მოითხოვონ იმ ნორმების გაუქმება, რაც გუშინ მიიღეს.

„გუშინდელ კანონთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ ვაპირებთ ამ კანონზე შევიტანოთ ინიციატივა, მოვითხოვოთ იმ ნორმების გაუქმება, რაც მათ მიიღეს პირველი მოსმენით. საჯაროდ, ხალხის თვალწინ ყველამ ნახოს, რა მოტივაცია აქვს „ქართულ ოცნებას“, როცა ამ კანონს იღებს. პროცესს განსაზღვრავს ხალხი, ხალხის მოთხოვნა დღეს არის და თქვენ შეგიძლიათ, გადახედოთ განცხადებებს, კრიტიკას ჩვენთან მიმართებით, იმაზე კი არ გაგვაკრიტიკეს, რატომ ხართ პარლამენტშიო, გაგვაკრიტიკეს, რატომ არ ხართ სრულფასოვნად წარმოდგენილი, რომ ტიკარაძეს პასუხი მიეღო ოპოზიციისგან, რატომ არის ასეთი კატასტროფული მდგომარეობა კოვიდმართვის პროცესში. ამიტომ, კიდევ ერთხელ ვამბობ, ყოველთვის ვპასუხობ საზოგადოების მოთხოვნას და ამ მოთხოვნიდან გამომდინარე, ვაპირებ, ამიერიდან არც ტიკარაძე, არც ღარიბაშვილი, არავინ არ გავუშვა მარტივად პარლამენტში. მით უმეტეს „ქართულ ოცნებას“ არ მივცე შესაძლებლობა, მთელი მაისის თვე, ვიდრე ჩვენ ამნისტიის კანონს მივიღებთ, გაატაროს ისეთი კანონები, რომლის მიღების მოსწრებაც უნდა. აი, ეს არის ჩემი მიზანი. ჩემი აზრით, დღეს საზოგადოების მოთხოვნაა, რომ დავიცვათ თითოეული მოქალაქის ინტერესი პარლამენტის მეშვეობით. ამიტომ, პრანჭიაობის დრო კი არ არის, ხალხის ინტერესებზე ზრუნვის დროა“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ამასთან, ვაშაძემ 15 მაისისთვის დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ სხვა ოპოზიციურ კოლეგებთან ერთად, ჩამოყალიბდებიან და გადაწყვეტილებას მიიღებენ.

„ნაციონალური მოძრაობა“ შევა პარლამენტში და ეს არის სწორი, ამას არ ვამბობ ნიშნის მოგებით. ახლა არის დინების საწინააღმდეგოდ სვლა ყველა დაგვიანებული დღე. ჩვენ უამრავი კანონი გვაქვს მისაღები, შეთანხმებას ხელი მოვაწერეთ, რომელშიც კონსტიტუციიდან დაწყებული უამრავ კანონში არის ცვლილება შესატანი. რაც მთავარია, ქვეყანაში არის უმძიმესი ეკონომიკური ფონი და ჩვენ ამაზე პასუხი უნდა მოვთხოვოთ მყიფე უმრავლესობას. ნამდვილად არ გამოვრიცხავ, უმრავლესობის ჩამოშლაც კი მოხდეს ჩვენი აქტიური მუშაობიდან გამომდინარე.

რაც შეეხება აქციას, როგორც კი კოორდინაცია იქნება ამ საკითხთან დაკავშირებით, ალბათ უფრო აღდგომის შემდეგ, საბოლოო ჯამში ჩამოვყალიბდებით. ჩვენ 15 მაისის აქციასთან დაკავშირებით არსად არ გვითქვამს, რომ არ მივიღებთ მონაწილეობას, ჩვენ სხვა ოპოზიციურ კოლეგებთან ჩამოვყალიბდებით და მივიღებთ გადაწყვეტილებას“, – განაცხადა ვაშაძემ.

დატოვე კომენტარი