გიორგი ვაშაძე - პოროშენკოს წინასაარჩევნო კამპანიაში აქტიურად ჩავერთვები, თუმცა ძირითადად საქართველოში ვიქნები, აქედან ვერ გამაგდებთ
გიორგი ვაშაძე - პოროშენკოს წინასაარჩევნო კამპანიაში აქტიურად ჩავერთვები, თუმცა ძირითადად საქართველოში ვიქნები, აქედან ვერ გამაგდებთ

პეტრო პოროშენკოს წინასაარჩევნო კამპანიაში ძალიან აქტიურად ვიქნები ჩართული, – ამის შესახებ „გაერთიანებული ოპოზიციის“ წევრმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა. მისი თქმით, უკრაინაში დიდი გუნდი ჰყავს, რომელთნ ერთადაც ბევრ რეფორმას ატარებს.

„ანტიკორუფციული სასამართლო და ანტიკორუფციული ბიურო ჩვენი გუნდის შექმნილია. ასევე იუსტიციის სახლის იქაური ბრენდი და კიდევ სხვა ბევრი რეფორმა. რაც შეეხება პოროშენკოს, დიახ, წინასაარჩევნო კამპანიაში ძალიან აქტიურად ვიქნები ჩართული, რადგან ჩვენი გუნდის მიერ უკრაინის განვითარების სრულიად ახალი გეგმაა შემუშავებული, აბსოლუტურად ინოვაციური და განსხვავებული, რაც არც ერთ ქვეყანასთან მიმართებით არ გაკეთებულა და რამაც დიდი მოწონება მოიპოვა, მათ შორის პოროშენკოს მხრიდან. თუმცა აქვე გეტყვით, რომ ძირითადად საქართველოში ვიქნები, აქედან ვერ გამაგდებთ“, – განაცხადა ვაშაძემ.

კითხვაზე, ხომ არ გამოიწვევს პოროშენკოს წინასაარჩევნო კამპანიაში აქტიური მონაწილეობა საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესებიდან ჩამოშორებას, ვაშაძე ამბობს, რომ ეს არ მოხდება.

„ეს არც ერთ შემთხვევაში არ მოხდება. მე პოროშენკოსთან ვთანამშრომლობდი. თქვენ შესაძლოა, არ შეგიმჩნევიათ, მაგრამ არჩევნების პერიოდში, ყოველ კვირაში დავდიოდი კიევში“, – განაცხადა ვაშაძემ.

ჟურნალისტებმა ვაშაძეს ჰკითხეს, ხომ არ შეუშლის ხელს მასა და პოროშენკოს ურთიერთობას ის ფაქტი, რომ მიხეილ სააკაშვილი პოროშენკოს ოპოზიციაშია.

„ეს ცნობილი იყო წლის დასაწყისშიც და ცნობილი იყო შარშანაც. ერთ წელზე მეტია, სააკაშვილი პოროშენკოსთან ოპოზიციაშია. ამასობაში შევქმენით ანტიკორუფციული სასამართლო. პოროშენკომ ხელი სწორედ ჩვენს კანონს მოაწერა. ამაში ახალი არაფერი არ არის“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.