გიორგი ვაშაძე - პირველი გამარჯვება მიღწეულია
გიორგი ვაშაძე - პირველი გამარჯვება მიღწეულია

პირველი გამარჯვება მიღწეულია და ირაკლი კობახიძე გადადგა, რომელიც პასუხისმგებელი იყო პარლამენტის შენობაში ამ ანტიქართული ჯგუფების შეშვებაზე და სპიკერის ადგილზე წამოსკუპებაზე, – ამის შესახებ „გაერთიანებული ოპოზიციის“ წარმომადგენელმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

ამასთან, მისი თქმით, აქციაზე ქუჩაში განვითარებულ მოვლენებზე პასუხისმგებელია შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია.

„მეორე – რა ძალადობაც ხდებოდა ქუჩებში, ამაზე პასუხი უნდა აგოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, შესაბამისად, ჩვენი მოთხოვნაა მისი გადადგომა და მესამე – „ქართულმა ოცნებამ“ მთლიანად დაკარგა ლეგიტიმაცია და დაუყოვნებლივ უნდა დაიწყო მოლაპარაკებები პროპორციულ ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით. ჩვენ უნდა შევქმნათ მექანიზმი, რომ საქართველოში რეჟიმი არ ჩამოყალიბდეს“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ამასთან, მისი შეფასებით, სამარცხვინო იყო „ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის, კახა კალაძის განცხადება, რომ პოლიცია კანონის ფარგლებში მოქმედებდა.

„ვისაც არ უნდა ჰკითხოთ, პოლიციამ გამოიყენა ძალა ყოველგვარი კანონის დარღვევით. რეზინის ტყვიები იმიტომ არ აქვთ, რომ დაუშინონ ხალხს, ამას აქვს გამოყენების თავისი წესი. მით უმეტეს, რომ არ გვაქვს მხოლოდ რეზინის ტყვიებზე საუბარი, გვაქვს უფრო მძიმე იარაღის გამოყენებაზე საუბარი, ხალხს ყბები აქვს დამტვრეული“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ირაკლი კობახიძე პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობას ტოვებს. როგორც „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ დღეს პარტიის ოფისში, პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა, ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილება თანამდებობის დატოვების შესახებ „ქართული ოცნების” მიერ დამკვიდრებული მაღალი სტანდარტის ანგარიშვალდებულების კიდევ ერთი გამოხატულებაა.

ამასთან, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, პარლამენტის თავმჯდომარის პოზიციაზე საპარლამენტო უმრავლესობა მხარს დაუჭერს უმრავლესობის ლიდერის, არჩილ თალაკვაძის კანდიდატურას.