გიორგი ვაშაძე - პირადად მე მაქსიმალურად ვათავისუფლებ ველს, აუცილებელია, ყველამ გადავდგათ კომპრომისული ნაბიჯები
გიორგი ვაშაძე - პირადად მე მაქსიმალურად ვათავისუფლებ ველს, აუცილებელია, ყველამ გადავდგათ კომპრომისული ნაბიჯები

დამსხვრეული ოცნებების პარტიის დასამარცხებლად აუცილებელია, ყველამ გადავდგათ კომპრომისული ნაბიჯები, უკან გადავწიოთ, ის, თუ რა უნდათ ჩვენს პოლიტიკურ ძალებს და წინ წამოვწიოთ ის, რაც უნდა ხალხს, – ამის შესახებ პარტია „ახალი საქართველოს“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

როგორც გიორგი ვაშაძემ აღნიშნა, ოპოზიციის ნომერ პირველი ამოცანაა თანამშრომლობა და კოორდინაცია.

„ექვსი მაჟორიტარული ოლქი, რომელზეც ჩვენ შევთანხმდით თბილისში, აჩვენებს საერთო მისწრაფებას, ოპოზიციურ პარტიებს შორის და ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. პირადად მე გეუბნებით, რომ ჩემი გუნდის მხრიდან ვათავისუფლებ ველს მაქსიმალურად, რათა სხვები შეთანხმდნენ. არ გამოვხატავთ დიდ პრეტენზიებს მაჟორიტარულ ოლქებზე, ერთადერთი მიზნის გამო, განა მაგარი ადამიანები და ღირსეული ადამიანები გვყავს, არამედ იმიტომ, რომ ხელი შევუწყოთ მაქსიმალურად შეთანხმებას. ჩვენი მთავარი მიზანია, საერთო ოპოზიციური ფორმატი არჩევნების გაყალბების წინააღმდეგ ბრძოლისთვის, იმ სამომავლო კოალიციის ჩანასახების დანახვისთვის, რომელიც ასე უნდა ხალხს. ხალხი 60 პროცენტიმხარს უჭერს კოალიციურ მმართველობას“,- განაცხადა ვაშაძემ.

მისივე თქმით, მზად არის, მხარი დაუჭიროს ყველა ოპოზიციურ კანდიდატს, მითუმეტეს თუ ეს კანდიდატები ოპოზიციასთან იქნება შეთანხმებული.

კითხვაზე, თუ „ნაციონალური მოძრაობა“ დააყენებს საკუთარ კანდიდატებს, დაუჭერს თუ არა მხარს ვაშაძე აცხადებს, რომ მხარს დაუჭერს.