გიორგი ვაშაძე - პარლამენტში ამნისტიის შესახებ ორი კანონპროექტი დარეგისტრირდება
გიორგი ვაშაძე - პარლამენტში ამნისტიის შესახებ ორი კანონპროექტი დარეგისტრირდება

დარეგისტრირდება ორი კანონპროექტი – ერთი ოპოზიციის და ერთი „ქართული ოცნების“, მაგრამ რაც მთავარია, შევთანხმდით, რომ ორივე კანონპროექტში იქნება დაცული კონვენციური მუხლები და კონვენციურ მუხლებზე არ გავრცელდება არც ერთი კანონპროექტი და არც მეორე, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

მისი თქმით, მთავარია, რომ „ქართული ოცნება“ დაეთანხმა საზოგადოების მოთხოვნას.

„შევთანხმდით იმაზე, რომ ძალადობის საქმეები დაემატა მათ კანონპროექტსაც და „ქართული ოცნების“ კანონპროექტში მაკო გომურის ტიპის საქმეებზე კიდევ დამატებითი გარანტიები იქნება, რომ ამნისტია არ გავრცელდება. ვერ შევთანხმდით დაზარალებულთა თანხმობაზე, „ქართული ოცნება“ ამბობს, რომ თანხმობა არ უნდა მოვითხოვოთ. ჩვენ ვთვლით, რომ დაზარალებულის თანხმობა არის აუცილებელი. იქნება სამი საკომიტეტო მოსმენა და ამის შემდეგ კონკრეტულად გადაწყდება, რომელ კანონპროექტს მიიღებს პარლამენტი. მთავარი ისაა, რომ „ქართული ოცნება“ დაეთანხმა საზოგადოების მოთხოვნას და ჯალათებთან მიმართებაში ვერ იქნება ამნისტია გამოყენებული ვერცერთ შემთხვევაში“, – განაცხადა ვაშაძემ.