გიორგი ვაშაძე ორშაბათს აპირებს განცხადების გაკეთებას, თუ რა ფორმით მიიღებს მონაწილეობას არჩევნებში
პარტია „ახალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ ორშაბათს გახდება ცნობილი საბოლოო გადაწყვეტილება, რა ფორმით მიიღებს მონაწილეობას არჩევნებში. მისი თქმით, კომუნიკაცია ჰქონდა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებთანაც და ძირითადი საკითხები უკვე გადაწყვეტილია.
„ორშაბათს დაველოდოთ, ორშაბათს დილით გვექნება ამასთან დაკავშირებით განცხადება და იქ საბოლოოდ ფორმატს გეტყვით, როგორ ვიწყებთ არჩევნებში მონაწილეობას, რადგანაც დრო აღარ ითმენს, სწრაფად უნდა მივიღოთ ეს გადაწყვეტილება.
ჩემთვის ფორმულა – ერთიანობა მრავალფეროვნებით არის ის ფორმულა, რომლითაც ოპოზიცია უნდა გავიდეს არჩევნებზე. ოპოზიციის საერთო ფრონტი აუცილებლად უნდა შენარჩუნდეს, ოპოზიციამ უნდა ითანამშრომლოს მაჟორიტარულ ოლქებში, ოპოზიციამ უნდა ითანამშრომლოს გაყალბების წინააღმდეგ“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
რაც შეეხება მაჟორიტარობის კანდიდატებზე შეთანხმების პროცესს, გიორგი ვაშაძის თქმით, არ არის გამორიცხული, საბურთალოს ოლქში ოპოზიციამ რამდენიმე კანდიდატი წარადგინოს. ამ შემთხვევაში, ის თაკო ჩარკვიანის მხარდაჭერას გეგმავს.
„მე ვფიქრობ, რომ საბურთალოს ოლქში სავარაუდოდ დავტოვებთ ბევრ მაჟორიტარ კანდიდატს, რომ ვცადოთ, სხვა ტიპის კონკურენციაც საარჩევნო თვალსაზრისით.
ექვსი კანდიდატი შეთანხმებულია, გვყავს საერთო კანდიდატები. არის კიდევ დიდუბე-ჩუღურეთი დარჩენილი, სადაც ასევე ვფიქრობთ უპარტიო კანდიდატზე, ანუ კანდიდატზე, რომელიც არც ერთ პარტიას არ წარმოადგენს. გვინდა, ყველა ტიპის არჩევანის შესაძლებლობა მივცეთ ჩვენს მოქალაქეებს, ეს არის ჩვენი ამოცანა“, – აცხადებს გიორგი ვაშაძე.