გიორგი ვაშაძე - ოპოზიცია მაჟორიტარული ოლქების კოორდინაციაზე მუშაობს, შეიძლება კიდევ მეტი ინტეგრაციაც მოხდეს
გიორგი ვაშაძე - ოპოზიცია მაჟორიტარული ოლქების კოორდინაციაზე მუშაობს, შეიძლება კიდევ მეტი ინტეგრაციაც მოხდეს

„ქართულ ოცნებას“ აღარც დიდი ფული შველის, რომლის დახარჯვასაც აპირებენ, აღარც ადმინისტრაციული რესურსი და ახლა პერსონალური ლიდერების დაკავებაზე გადავიდნენ, – ამის შესახებ „ახალი საქართველოს“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ გიგი უგულავას დაკავებასთან დაკავშირებული საკითხის კომენტირებისას აღნიშნა.

როგორც გიორგი ვაშაძემ განაცხადა,  უგულავა ოქტომბერში თავისუფალი იქნება, მას შემდეგ, რაც ოპოზიცია „ქართული ოცნების“ რეჟიმს დაამარცხებს.

„გიგი უგულავა ძალიან გმირულად შეხვდა გუშინდელ დაკავებას, ის ჩვენი მეგობარია და მის ინტერესებს აუცილებლად დავიცავთ. მაქსიმუმ ოქტომბრამდე მოუწევს უგულავას საპატიმროში ყოფნა, ამის პირობას ვდებ. როგორც კი საქართველოში დამარცხდება „ქართული ოცნების“ რეჟიმი, იგი გათავისუფლდება. „ქართული ოცნება“ ფიქრობს, რომ სხვასაც დააკავებენ, ვისზეც არის სისხლის სამართლის საქმე, იქნება ეს ხაზარაძე, ჯაფარიძე, წერეთელი, შეიძლება იყოს გვარამია, მელია და სხვები. „ქართული ოცნებისა“ და ივანიშვილის ამოცანა არის, ნებისმიერი მეთოდებით შეინარჩუნოს ხელისუფლება. ღიად ვამბობ, ყველას ვერ დაგვიჭერს და ვერ შეგვაშინებს“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

მისივე თქმით, „ქართულ ოცნებასთან“ მეხუთე რაუნდი აღარ გაიმართება, რადგან ხელისუფლება გადასულია აგრესიულ ქმედებებზე.

გიორგი ვაშაძის გაცხადებით, მოლაპარაკებები გაერთიანებულ ოპოზიციასთან გრძელდება, სადაც კონკრეტულ სამომავლო გეგმაზე იქნება საუბარი.

„ქართული ოცნების“ მხრიდან გზავნილი არის, რომ ისინი მიდიან აგრესიული მეთოდებით. დიპლომატიურ კორპუსთან გავაგრძელებთ აქტიურ მუშაობას, გვექნება ძალიან ბევრი შეხვედრა. მეხუთე რაუნდი აღარ იქნება, რადგან „ქართულმა ოცნებამ“ ამ ქმედებით დაასრულა ყოველგვარი მოლაპარაკებები. ოპოზიცია სულ მცირე მაჟორიტარული ოლქების კოორდინაციაზე მუშაობს, შეიძლება კიდევ მეტი ინტეგრაციაც მოხდეს“, – განაცხადა ვაშაძემ.

ამასთან, გიორგი ვაშაძემ ამერიკის შეერთებულ შტატებში ხელისუფლების ვიზიტზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქართულმა დელეგაციამ თავი შეირცხვინა, შეპირებული მოლაპარაკებების ნაცვლად პოლიტიკური რეპრესიები განახორციელა.

„ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიული პარტნიორობა ეს არ არის უბრალოდ სიტყვები, მას აქვს კონკრეტული შინაარსი და ნებისმიერი პიროვნება, თუ პოლიტიკური ძალა, ვინც ემუქრება საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორობის ქარტიას, აუცილებლად მიიღებს პერსონალურ სანქციებს და ძალიან მკაცრ რეაქციას“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.